მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა

5ef35087408c6
BM.GE
24.06.20 17:08
1123
"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რაც გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა.

პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

"გალტ & თაგარტის" შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. 2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე, თუმცა წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტს ხმარდება. "გალტ & თაგარტის" შეფასებით, 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა.

"გალტ & თაგარტის" პრეზენტაციაში დეტალურად არის გაანალიზებული წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ამასთან, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი იკვეთება შემდეგ სექტორებში: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება, ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება, მედიკამენტები და სხვა ქიმიური წარმოება, ელექტრონული პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად.

"კოვიდ-19-ის პანდემია მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში და გადალაგების პროცესი მომავალი ათწლეული გაგრძელდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურად მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირდეს და მოახდინოს უპირატესობების რეალიზება წარმოების განვითარების კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით", - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ვებგვერდზე: www.gtresearch.ge