მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად არ ვიყავით, რომ ამხელა რიგები გვექნებოდა" – თბილისში ახალი კვების ობიექტი „მაკ & ჩიზი“ გაიხსნა

63fcc32ea96e4
სალომე ხიდურელი
28.02.23 10:00
3299
„ამხელა გამოხმაურებას არ ველოდით“, - ამის შესახებ BM.GE-სთან კვების ახალი ობიექტის, „მაკ & ჩიზის“ დამფუძნებელი იოსებ კაპანაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში ახალი ფილიალების დამატებაა.

„ჯერ ერთი კვირაა, რაც გავიხსენით და მომხმარებელს ამერიკულ სამზარეულოს, ჯერჯერობით, მაკ ენდ ჩიზებსა და სენდვიჩებს ვთავაზობთ. მზად არ ვიყავით, რომ ამხელა რიგები გვექნებოდა ობიექტზე, თავდაპირველი გათვლა მხოლოდ ტინეიჯერებზე იყო, თუმცა უკვე ყველა ასაკის ადამიანს ვმასპინძლობთ.
რესტორანის სივრცე 20-მდე ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ უკვე ვამატებთ მაგიდებს გარე სივრცეში და 30-მდე ადამიანს მოვემსახურებით. თუმცა ასე გაჩერებას არ ვაპირებთ და გეგმაშია, რომ წლის ბოლომდე 5 ფილიალი გავხსნათ, მათ შორის ერთი ბათუმში“, - ამბობს იოსებ კაპანაძე.

რესტორნის მართვის სირთულეებზე საუბრისას, „მაკ&ჩიზის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სწრაფ მომსახურებაში ხელს შეფერხებული დისტრიბუცია უშლით.

„კერძებისათვის ქართულ და იმპორტულ პროდუქციას ვიყენებთ: მაკარონი იტალიიდან შემოგვაქვს, სხვადასხვა სოუსი - ამერიკიდან, სენდვიჩებისათვის პური და ბეკონი კი ადგილობრივია. ზოგადად, ჩვენთან კერძების დამზადებას 5-10 წუთი სჭირდება, თუმცა დისტრიბუცია ხშირად გვიგვიანებს პროდუქტებს, რაც მიწოდების პრობლემას აჩენს“, - აღნიშნავს იოსებ კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, „მაკ & ჩიზის“ ფილიალი ფალიაშვილის 18-ში მდებარეობს, კერძების ფასები კი 9.90-დან 19.90-ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის საწყისი ინვესტიცია 150 000-ლარამდეა.