მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ არ გჭირდებათ, არ გადაახურდავოთ ვალუტა“ - ფინანსისტის რჩევა

60ba2183307d6
ინგა მურუსიძე
05.06.21 00:12
45436
ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებამ 7.33 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 4 სექტემბრის შემდგომ ერთი დოლარის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა. მთელი დღის განმავლობაში Bloomberg-ის სისტემაში ლარი მკვეთრად მყარდებოდა და 12:00-ისთვის ის 3.04-მდეც შემცირდა, თუმცა როგორც ირკვევა, ამ გარიგებების საშუალო კურსი 3.0791იყო, შესაბამისად, ოფიციალური კურსიც ამ მაჩვენებელზეა. არ არის გამორიცხული ასეთი მკვეთრი გამყარება ბაზარზე განხორციელებულ რომელიმე მსხვილ ტრანზაქციას გამოეწვია. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 11.5 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7276 ლარი გახდა.

ეკონომისტები ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორისაა, შეცვლილი მოლოდინები, მაკროფაქტორები, სავალუტო დაკრედიტების გააქტიურება და ა.შ. 

bm.ge-ის კითხვაზე - ამ სიტუაციაში რამდენად სწორია მთავრობის ეკონომიკური გუნდის და საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტის დუმილი და ეროვნული ვალუტის "ამოუხსნელი გამყარების" ტრენდი, მათ შორის ე.წ. აჟიოტაჟური ქცევითაც ხომ არაა განპირობებული, ფინანსისტი ირაკლი ერაძე აცხადებს, რომ ახლა მოქალაქეებისა თუ ბიზნესოპერატორებისთვის საუკეთესო რჩევა სწორედ ის იქნებოდა, რომ არ აჰყვნენ აჟიოტაჟურ ქცევებს და გაყიდონ ან იყიდონ მხოლოდ იმ მოცულობის ვალუტა, რამდენიც მოცემულ მომენტში სჭირდებათ.

„ოფიციალური პირების მხრიდან დუმილი რაღაც მომენტში აჟიოტაჟურ ქცევას იწვევს; ასეთ დროს ცენტრალური ბანკის და შესაბამისი უწყებების მხრიდან ერთადერთი სწორი რჩევა იქნება, რომ კომპანიებმა თუ მოქალაქეებმა უცხოური ვალუტა იყიდონ და გაყიდონ მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დროს, როცა ეს მათ სჭირდებათ. სხვანაირად კურსზე „გამოკიდება“, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე. აჟიოტაჟს აქვს გადაცემის ეფექტი, ერთიდან მეორეზე და ა.შ. ასეთ მოწოდებას თუ განცხადებას სწორ რჩევად ჩავთვლიდი ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის მხრიდან, მაგრამ ახლა ეროვნულმა ბანკმა რომ დაიწყოს ამ პროცესი ტერმინოლოგიით ახსნა, ამას შეიძლება უკურეაქცია ჰქონდეს. ამდენად, ერთადერთ სწორ რჩევად მიმაჩნია მოწოდება - „თუ არ გჭირდება, არ გადაახურდავო“, - ამბობს ერაძე.

რაც შეეხება თავად ვალუტის გამყარების ტენდენციას, კითხვაზე - რატომ მყარდება ლარი, ფინანსისტს ყველაზე სწორად ერთი პასუხი მიაჩნია - „არ ვიცი“, ვინაიდან მისი თქმით, ლარის მდგენელი ძალიან რთული დასათვლელია.

„თუ ვინმე მტკიცებით ფორმაში ისაუბრებს ლარის გამყარების კონკრეტულ მიზეზებზე, ეს არ მგონია სწორი; ვფიქრობ, უმრავლესობა არის მხოლოდ ვარაუდი. საგადამხდელო ბალანსი ყველაზე ადეკვატურ ინფორმაცის გვაძლევს, თუ რა სჭირს ლარს, თუმცა მასზე დაყრდნობითაც კი საუბარი, ვარაუდი უფროა. თუ ვამბობთ, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდება და ამათი თანაკვეთის წერტილი, ამ შემთხვევაში რაიმე აზრის მქონე რეალურთან მიახლოებული დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ვნახავთ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც არც სტატისტიკურად ქვეყნდება და ძალიან რთულია დათვლა. კონკრეტულად რამის თქმა შეუძლებელია, ხოლო რაც შეეხება აჟიოტაჟურ ქცევას, ეს აუცილებლად იქნება, რადგან დოლარის მერყეობა ავტომატურად იწვევს აჟიოტაჟურ ქცევას, პირველ რიგში, იმპორტიორი კომპანიების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში კომპანიები უყურებენ ასეთ რყევებს და დაგეგმილ ტრანზაქციას ან აუქმებენ, ან აჟიოტაჟურ ქცევას აყვებიან და ტრანზაქციას დაგეგმილზე ადრე ახორციელებენ“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

ფინანსისტი ასევე არ გამორიცხავს, რომ ლარის კურსის გამყარების მიზეზი დიდი ტრანზაქცია ყოფილიყო. „ჩვენი სავალუტო ბაზრის და ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ყველაზე დიდ გავლენას ეს ახდენს. ასევე, გავრცელებული სტერეოტიპია, რომ ლარის გაუფასურებასა თუ გამყარებაზე გავლენას ახდენს რეფინანსირების სესხები. ხატოვნად რომ ვთქვათ, რეფინანსირების სესხებია „ბრალდებული“,  მაგრამ ამ „ბრალდებულს“ დანაშაული ჯერ ვერავინ დაუმტკიცა. ვარაუდების გამოთქმა კი უამრავ რამეზე შეიძლება. ფულის მასის გავლენა ინფლაციაზეც კი რთული დასადგენია უკვე“, - აღნიშნა ფინანსისტმა.