მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ დავინახავთ, რომ გარკვეული სანქციების დაწესება აუცილებელია, ამას საბჭოზე გავიტანთ“

60fa9ed73c6c8
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 14:56
648
ჯანდაცვის მინისტრი საკოორდინაციო საბჭოზე  პირბადის სავალდებულო გამოყენების წესის განხილვას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ რეკომენდაცია საკმარისი უნდა იყოს, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ქცევა მართონ.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღიური ინფიცირების გაზრდის მაჩვენებლების გამო სხვადასხვა სანქციის გამკაცრებას შეეხებოდა.

„მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები იქნა გაცემული და მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ საოცარი ერთსულოვნება იყო და ყველა ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის დასაძლევად იყო საჭირო. დღეს სამინისტროს, სამთავრობო გუნდს და თითოეულ მოქალაქეს აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი გზა, რათა ვიყოთ დაცულები და დავიცვათ სხვა.

პირბადის ტარების სავალდებულოობა ამა თუ იმ სივრცეში შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ვთვლი, როდესაც არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რომ ვმართოთ ჩვენი ქცევა და ამ ეტაპისთვის რეკომენდაციაც მნიშვნელოვანია, თუმცა თუ დავინახავთ, რომ გარკვეული სანქციების დაწესება აუცილებელია, რათა პირბადის ხმარება გაიზარდოს, ვინაიდან სამედიცინო სფეროში ვთანხმდებით, რომ ეს დაცვის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მინისტრმა.