მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გვექნება, რეგულაციების გამკაცრება მოგვიწევს - გამყრელიძე

6059b2fcde1c1
ინგა მურუსიძე
23.03.21 13:26
4448
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია ფიქსირდება, თუმცა უკანასკნელ 5 დღეში მცირედი მატების ტენდენციაა როგორც - ინციდენტობის, ისე დადებითობის მაჩვენებლების მიხედვით.

მისივე თქმით, შეინიშნება აქტიური შემთხვევების ზრდა, თუმცა სიკვდილიანობის სტატისტიკა პოზიტიურია და ნოემბრიდან დღემდე ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ დღეს დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, უწყებათშორისმა საბჭომ დღეს იმსჯელა რეგულაციების დაცვის აღსრულების მკაცრ კონტროლზე, რაც ეხება დისტანციას, შეკრებებს, პირბადის ტარებას და ა.შ.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუკი მარტ-აპრილის თვეებს დღეს არსებული სტატისტიკით გავივლით, მესამე ტალღა არ იქნება, თუმცა თუ გვექნება ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია, რეგულაციების გამკაცრება საჭირო გახდება.

„პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ჯანდაცვის სექტორი დღეში 1000-მდე შემთხვევას გაუძლებს, თუმცა არ გვინდა, რომ სიტუაცია გაუარესდეს. ამის პრევენციის გზა არის პირბადის ტარების მაჩვენებლის გაუმჯობესება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი სანიტარიზაცია და დიდი თავშეყრების თავიდან აცილება. ამას ემატება ვაქცინაციის გააქტიურება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გასულ კვირაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრაგიკული ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ცივი გონებით უნდა ითქვას, რომ „ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს“.

„ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მასობრივ ვაქცინაციაზე. მეტი მუშაობა გვმართებს, რომ მეტი მოტივაცია გაჩნდეს. ამის გარეშე ეპიდემია არ გაჩერდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.