მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ოჯახის წევრი სასამართლოს მიმართავს, პირს შეიძლება აზარტული თამაშების უფლება აეკრძალოს

61a48aa4ca489
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.21 15:00
2398
დღეს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების რეგულირების ახალი პროექტი წარადგინა. დოკუმენტი ონლაინ-თამაშებისთვისთვის საგადასახადო ბაზის 60-65%-ით გაფართოებას, ასევე 25 წლამდე თამაშის უფლების აკრძალვას ითვალისწინებს. რეგულაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს აზარტული თამაშები აეკრძალებათ.

ცვლილება შევა კანონმდებლობაში, რომლითაც დაწესდება ინდივიდუალური თვითშეზღუდვის წესიც, რომელიც პირს საკუთარი განცხადების საფუძველზე აუკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლებას. ასევე განისაზღვრება წესი, რომელიც მოქალაქის ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის მიმართვის გზით ააკრძალინებს პირისთვის აზარტული თამაშების უფლებას.

მთავრობის განცხადებით, იმისთვის, რათა მოქალაქეები უცხოურ სათამაშო სისტემებზე არ გადაერთონ, ქართულ ბანკებს და გადარიცხვების პროვაიდერებს აეკრძალებათ უცხოურ აზარტულ თამაშებთან აფილირებულ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვა.

აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი ასეთია:

"ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის სრულად იცვლება დაბეგვრის წესი, კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება GGR, რაც არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ თანხას შორის სხვაობა, 10%-იანი გადასახადით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში ამ ბიზნესის დაბეგვრის. გარდა ამისა, გაცემული მოგებები თანხის გატანისას დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

ჯამურად, 60-65%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის.

მთლიანობაში ამ ცვლილებების ფონზე, იმ დამატებით ცვლილებებთან ერთად, რაც წარმოდგენილია, მათ ნეიტრალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ეს რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი და ეს გავრცელდება, როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს.

განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, რის ადმინისტრირებასაც განახორციელებს შემოსავლების სამსახური, კერძოდ, პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია აკრძალვა სასამართლო გადაწყვეტილებით. ჯამში 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება თამაშები.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კონტროლის მექანიზმების შემოღებას, რასაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საუბარია რეგისტრაციის, თანხის შეტანის და გამოტანის წესების გამკაცრებაზე, ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა შეიზღუდება.

რეკლამის ნაწილში შეიზღუდება სრულად გარე და სატელევიზიო რეკლამა, ასევე ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

ბოლო ნაწილი ეხება უცხოეთში თანხის გადარიცხვის შეზღუდვას, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახდო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ განხორციელდეს გადახდების განხორციელება, რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს ამის განხორციელება", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.