მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცნობი სვანური ამბების კულტურულ-ისტორიული გზამკვლევი ნავერიანებისგან

62eeca4068f73
ანუკა ჯოხაძე
07.08.22 23:00
997
BMG-ის სვანური ტური ნავერიანების ოჯახის გაცნობით დავასრულეთ. ისტორია, რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა გვიამბო, წარსულ სვანურ ისტორიებს უკავშირდება, რომლის ახალ რეალობაში გადმოტანა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

რუსუდან ნავერიანმა 16 წლის ასაკში სხვენში ბაბუის ხელნაწერები აღმოაჩინა და მალევე მიხვდა, რომ უნიკალურ საარქივო მასალებთან ჰქონდა საქმე. დოკუმენტაცია, რომელიც ნავერიანების სხვენში აღმოჩნდა მე-20 საუკუნის ადრეული წლების ჯერ კიდევ უცნობ სვანურ ამბებს ინახავს.

ამ ისტორიების შემგროვებელი კი რუსუდანის ბაბუა, სილიბისტრო ნავერიანია, რომელიც სვანეთში იმ დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და რომელიც საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა.

“იყო დრო ისეთი, რომ მასზე ლაპარაკი საერთოდ აკრძალული იყო. ხალხის მტრად ითვლებოდა, ჩვენ კი ხალხის მტრის შვილებად და შვილიშვილებად. დღეს კი დადგა ისეთი დრო და შესაძლებლობაც მოგვეცა, რომ გამოვამზეუროთ წლების განმავლობაში გადანახული, უკვე გაყვითლებული, სხვენზე მიმოფანტული მასალები”-გვიყვება რუსუდან ნავერიანი.

როგორც ჩვენი რესპოდენტისგან გავიგეთ, რეპრესიებს შეწირულ პროფესიით პედაგოგ სილიბისტრო ნავერიანს სვანეთში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს უკავშირებენ, რომელიც სვანეთის ისტორიაში გარდამტეხ როლს ასრულებს. მათ შორის ის გზა, რომელსაც დღეს სვანეთამდე ჩასასვლელად გავდივართ წლების წინ სწორედ მისი თაოსნობით დაწყებულა.

მისი თქმით, სილიბისტრო ნავერიანს თავის დროზე სვანეთის პირველი მეგზურიც კი შეუქმნია და ამ მხარისთვის პატარა შვეიცარიაც უწოდებია.

“მივაგენი პირველ მეგზურს, რომელიც ბაბუაჩემმა დაწერა. პირველ მოხსენებით ბარათს, რომელიც მოსკოვში წაიკითხა სვანეთის მომავლის შესახებ. ვფიქრობ, რომ ბაბუაჩემს ჰქონდა წინასწარმეტყველური უნარი, ჯერ მარტო იმ მოხსენებით ბარათში, რომელიც მოსკოვში წაიკითხა, წერს, რომ სვანეთი გადაიქცეოდა მეორე შვეიცარიად, ოღონდ ტბების გარეშე. ეს იქნებოდა ტურიზმის კერა, რომელიც ძალიან ბევრ ვალუტას შემოიტანდა ჩვენს ქვეყანაში”-ამბობს რუსუდან ნავერიანი.

როგორც ვარკვევთ, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით მე-20 საუკუნით დათარიღებულ მასალებზე დაყრდნობით სვანეთის რეგიონისთვის ახალი მეგზური დაიბეჭდება, რომელიც სვანეთის ჯერ კიდევ უცნობ ისტორიებს, თავისი ფოტო მასალით ტურისტებამდე და ადგილობრივ დამსვენებლამდე მიიტანს.

“იდეა როგორც შინაარსულად არის საინტერესო, ასევე შეასრულებს სვანეთის კულტურული საგანძურის გავრცელების ფუნქციას და პოტენციური ტურისტების მოზიდვას. პროექტის ფარგლებში მოხდება ტურისტული გზამკვლევის დიზაინის შექმნა და პუბლიკაცია,”-აცხადებს შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი თინათინ გენებაშვილი.

გარდა რუსუდან ნავერიანის მიერ მოძიებულ უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული გზამკვლევის დაბეჭდვისა, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილი პროექტი “GRETA” სვანეთში ტურიზმის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ეს აქტივობები კი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

“როცა აქ ვმოგზაურობ ვამჩნევ მსგავსებას ავსტრიასა და საქართველოს შორის. ერთნაირი გამოწვევები და ერთნაირი შესაძლებლობები გვაქვს. ერთ-ერთი არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის მსგავსება იგრძნობა სამთო კურორტებია, ვემთხვევით როგორც მდგრადი ტურიზმის, ისე ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალით. ტურიზმის განვითარებას რეგიონში დიდი ინვესტიცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ, მათ შორის პროექტ “GRETA”-ს დახმარებით,”-ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთის ბრენდინგის პროცესიც მიმდინარეობს, რომელიც უკვე ფინალურ ფაზაშია. როგორც პროექტის მესვეურები გვიყვებიან, სვანეთის ვიზუალური და სტრატეგიული ბრენდინგი რეგიონში ტურიზმის სწორი მიმართულებით განვითარების, პოზიციონირებისა და ეკონომიკური აქტივობის გაზრდის წინაპირობა უნდა გახდეს.

“ეს პროცესი იწყება კვლევით, ინფორმაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მოძიებით. იწყება კრეატიული ჯგუფების შეკრებით. ამ ყველაფრის ანალიზით, დალექვით და შემდეგ უკვე კრეატიულ ფორმატში გადატანით. ეს ყველა ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მარკეტინგული, საკომუნიკაციო სტრატეგიის აღსრულების ეტაპს ვიწყებთ. ამ ეტაპის ნაწილია ზუსტად საერთაშორისო ღონისძიება highlander. ეს იქნება პირველი ღონისძიება, სადაც ოფიციალურად, მასშტაბურად წარდგება სვანეთის ბრენდი როგორც ახალი ბრენდი,”-ამბობს პროექტ “GRETA”-ს მარკეტინგის, მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი თათა საყვარელიძე.

ცნობისთვის, პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka