07.სექტემბერი .2019 17:26

“უნდა შევძლოთ პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა”

views 768
უკან

პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში კითხვა ლარის კურსზეც დაუსვეს. მომავალი პრემიერი ამბობს, რომ ლარის კურსის მერყეობა პირდაპირ არის დაკავშირებული არამარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.

მიუხედავად ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორებისა გახარია აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ უნდა შეძლოს მინიმუმ პროგნოზირებადი და რბილი გახდეს ეროვნული ვალუტა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკაზე. ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ სესხი უცხოურ ვალუტაში. ლარის გაუფასურების პირობებში, ეს ადამიანები პირდაპირი შოკის და სოციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, ეფექტურად გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთვარობის, ასევე ეროვნული ბანკისა და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალური კოორდინირებით და მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობა და კიდევ ბევრი რამ.

უნდა შევძლოთ, როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა და ამისთვის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შესაძლებელია. თუმცა, ხაზგასმით უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ მითები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მითები, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების ან რაღაც. ეს ხდებოდა მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი. უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და ვიყოთ ეფექტურები ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით.

ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა შეძლოს, როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი ბიზნესი არის ეკონომიკის, ძლიერი და პროგნოზირებადი ეკონომიკის საფუძველი, ისევე, როგორც სამუშაო ადგილების ზრდის საფუძველი“– განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა