მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ წარმომიდგენია, სამუშაო დროის აღრიცხვა მაგალითად თონეში, როგორ უნდა მოხდეს?!" - ბიზნესი

5dcad5771f6d8
სალომე მეცხვარიშვილი
12.11.19 20:42
2322
უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, უკვე გახდა აქტიური მსჯელობის საგანი ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. კანონპროექტი არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის ზღუდავს ზეგანაკვეთურ შრომას (კვირაში არაუმეტეს 48 საათი), ერთზე მეტ ადგილას პირის დასაქმებას, ზრდის ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და ა.შ. აღნიშნულ ცვლილებებს ბიზნესი ეწინააღმდეგება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ დამსაქმებელმა ყოველდღიურად უნდა აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ანდა ელექტრონული ფორმით. კერძო სექტორს დადებითი დამოკიდებულება არც ამ ჩანაწერის მიმართ აქვს.

სამედიცინო ცენტრ "მედალფას" იურისტი თინათინ ქემაშვილი აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ამას გარდა, დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის.

“დღევანდელი ცვილილებების პროექტი აღნიშნულზე დათქმას დეტალურად არ მოიცავს, შესაბამისად, ბუნდოვანია ამ საკითხის მოწესრიგება როგორ უნდა მოხდეს, თუნდაც პროექტის ინიციატორების მხრიდან; ეს ჩანაწერი რა თქმა უნდა, შექმნის კადრების დამატების საჭიროებას და ფინანსურ ხარჯებს გაუზრდის კომპანიებს”,- აცხადებს იურისტი.

ამავე აზრზეა "დამსაქმებელთა ასოციაციის" იურისტი შალვა ცხაკაია. მისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა აღირიცხოს სამუშაო დრო მცირე ზომის კომპანიებში.

“ვეწინააღმდეგებით ზედმეტი, არასაჭირო ბიუროკრატიის გაზრდას კერძო სექტორში. ტაბელების (ცხრილების, რომლებიც აღრიცხავს სამუშაო დროს) გამოცდილება საქართველოში გვაქვს საჯარო სექტორში, სადაც ის სავალდებულო იყო. ეს არის ხოლმე ძირითადად ქილიკისა და ხუმრობის საფუძველი. ამ ტაბელებს ან სხვები ავსებენ, ან საერთოდ არავინ ავსებს. ამიტომ იმავე ბიუროკრატიის გადმოტანა კერძო სექტორში არასაჭიროდ მიგვაჩნია, რადგან ძალიან ბევრ ბიზნესს ისედაც აქვს ტაბელი, ვისაც სჭირდება და ვისაც სურვილი აქვს ისედაც შეუძლია ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი აკეთებს, მათ შორის ელექტრონული საშუალებით. მაგრამ მაგალითად, ჩემს გვერდით თონეში სულ 3 ადამიანი მუშაობს, იქ ტაბელის წარმოება ფიზიკურად არ წარმომიდგენია ფქვილიანი ხელებით როგორ შეიძლება მოხდეს”,- აცხადებს შალვა ცხაკაია.