მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიდეორეზიუმე ტრადიციული CV-ს ნაცვლად - დასაქმების პლატფორმა findwork.ge ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

60cdb94465ee1
მარიამ იზორია
19.06.21 16:48
1523
findwork.ge ახალი პლატფორმაა, რომელიც დასაქმების მსურველს დამსაქმებელთან აკავშირებს, სტარტაპი ვიდეორეზიუმეს სტანდარტს ამკვიდრებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს კომპანიასთან პირველადი გასაუბრება ვიდეორეზიუმეს გაგზავნით გაიაროს.

პლატფორმა „ჭკვიანი სისტემითაა“ აღჭურვილი, ასე მომხმარებელი მისთვის საინტერესო სფეროს ნიშნავს და ამ მიმართულებით ვაკანსიის გამოჩენისთანავე ავტომატურ შეთავაზებას იღებს. მსგავსი შესაძლებლობა კომპანიასაც აქვს, მას შეუძლია ვაკანტური ადგილები მხოლოდ კონკრეტულ დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს, findwork.ge-ზე ვაკანსიები სპეციალურად სტუდენტებისთვისაცაა განთავსებული.

სტარტაპი 2020 წლის ივლისში ამოქმედდა და უკვე შვიდ ადამიანს ასაქმებს.

როგორც findwork.ge-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ ნაზღაიძე bm.ge-ს უყვება, 2020 წლის ივლისიდან დღემდე 45 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მისივე თქმით, findwork.ge-ზე დღეში საშუალოდ 5 ახალი კომპანია რეგისტრირდება და 5-6 ახალი ვაკანსია იდება. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს საიტს დღეში საშუალოდ 80-90 ახალი მომხმარებელი ჰყავს.

„ვიდეორეზიუმეს დახმარებით სამსახურის მაძიებელს ისეთ გასაუბრებაზე მისვლა აღარ უწევს, სადაც მისი კანდიდატურით დაინტერესებულები არ არიან, კომპანიებიც რესურსებს ზოგავენ. ამის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ხშირად წერილობით გაგზავნილ რეზიუმეს გასაუბრებაზე მისულ ადამიანთან კავშირი არ აქვს. ასევე ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კატეგორიაზე „სტუდენტებისთვის“, აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მენეჯერები ისეთ კომპანიებს იძიებენ, რომლებსაც სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკის შეთავაზება შეუძლიათ. ამ კატეგორიაში განცხადების განთავსება უფასოა, ვფიქრობთ, პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დასაქმების საკითხი პრობლემურია და მოგვარებას საჭიროებს", - აღნიშნავს ნიკოლოზ ნაზღაიძე.

findwork.ge დასაწყისისთვის მეზობელ ქვეყნებში გასვლასაც გეგმავს, სამომავლოდ კი საერთაშორისო მასშტაბების მოცვას აპირებს.