მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის აცრიან პირველ რიგში Covid-ვაქცინით - გამყრელიძის და ტიკარაძის განსხვავებული პასუხები

5fbcf7993a6f2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 16:30
1961
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ე.წ. „წერტილოვანი შეზღუდვების“ გაფართოების საკითხთან ერთად და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზც იმსჯელა. სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი, ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრს და NCDC-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს - რამდენად ემზადება საქართველო covid-ვაქცინის მისაღებად და პირველ რიგში, ვინ აიცრება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით, რაზეც ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ განსხვავებული პასუხები გასცეს.

ორივე აცხადებს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მისი დამტკიცებისთანავე მიიღოს. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების და შენახვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება იმას, ვის აცრიან, პირველ რიგში, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამაზე ჯერ "მეცნიერები არ შეჯერებულან". 

„მიდის მსჯელობა, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან, პირველ რიგში. მეცნიერები ჯერ არ შეჯერებულან. შესაძლოა, პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან გამავრცელებლები”, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

covid-ვაქცინასთან დაკავშირებული კითხვის ორივე ნაწილზე უფრო კონკრეტული პასუხი ჰქონდა ამირან გამყრელიძეს, თან მინისტრისგან - განსხვავებული. NCDC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკებს შეეხება. 

„ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს ჩემი კოლეგები წარმოადგენენ... ყველგან, იგივე აშშ-შიც ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალიდან იწყება; მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები, სადაც სხვა თანმხლები დაავადებებია, როგორიც არის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები; მხოლოდ ამის შემდეგ ვაქცინაცია მოხუცთა სახლებში, თავშესაფრებში და ა.შ. მოხდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, Covax პლატფორმასთან თანამშრომლობით ქვეყანა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის 17 მლნ დოლარის ღირებულების ვაქცინას შეიძენს. როგორც ცნობილია, თანხის გარკვეული ნაწილი საქართველომ უკვე გადარიცხა.