მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინწყარო“ - ბაზარზე ნედლი რძისგან წარმოებული მაწონი და რძე გამოჩნდება

5f196d6813703
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.20 10:15
1624
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წინწყაროში 2016 წელს კომპანია „წინწყარო +“-მა ამავე სახელწოდებით რძის პროდუქტების წარმოება და ადგილობრივი ბაზრის, კერძოდ, თბილისისა და რუსთავის მომარაგება დაიწყო. 350 000 ლარის ინვესტიციით ამოქმედებული საწარმო დღეს მომხმარებელს „წინწყაროს“ ბრენდის სახელით ნედლი რძისგან დამზადებულ სულგუნს, ქარხნულს, შებილილ ყველს, ნადუღსა და კარაქს სთავაზობს.

მიმდინარე წელს საწარმომ "ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში" და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის მხარდამჭერი ბიზნესის გაფართოება და ახალი საწარმოო ხაზები დამატება გადაწყვიტა. როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მათ პროდუქციაზე დიდმა მოთხოვნამ და ინტერესმა ახალი პროდუქციის წარმოებისკენ უბიძგა.

„ეს ბიზნესი შემთხვევით წამოვიწყეთ და ფაქტობრივად, მხოლოდ ნედლ რძეზე ვმუშაობთ, ჩვენი ნიშა ბაზარზე ეს არის. მოთხოვნის ზრდასთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვემზადებინა ახალი პროდუქტები მაწონი და რძე. ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RBFG) ხელშეწყობით 10-15 დღეში ბაზარზე ჩვენი წარმოების მაწონი და რძეც გამოჩნდება“, - აცხადებს ზეინაბ აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, წარმოების გაფართოებისთვის 320 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს.

„ინვესტიციის მოცულობა დაფიქსირებულია 250 ათასი ლარი, თუმცა სტანდარტების შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, რაც თერმო ოთახისა და მაცივრის მოწყობას გულისხმობს, ინვესტიციის მოცულობა გაიზარდა. აქედან "ერთიანი აგროკრედიტის ფარგლებში" 155 000 ლარის დაფინანსება მივიღეთ; მნიშვნელოვანი თანამონაწილეობა აქვს ასოციაცია "სამხარეო განვითარება - მომავალი საქართველოს" - 175 000 ლარამდე და, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ფინანსური რესურსიც არის ჩადებული - 80 000 ლარის ოდენობით. ახლა უშუალოდ საწარმოში 6 ადამიანი დასაქმებული და გვყავს კიდევ ნედლეულის 4 შემგროვებელი. წარმოების გაფართოების შემდეგ დამატებით მინიმუმ 4 ადამიანი დასაქმდება და დღეს არსებული წარმადობა, რაც დღიურად 3-4 ტონა რძის გადამუშავებას გულისხმობს, 2-3 ტონით გაიზრდება“, - აცხადებს ზეინაბ აბულაძე.

მეწარმე აცხადებს, რომ მათი მიზანი „წინწყაროს“ პროდუქტებით საქართველოს დაფარვაა. „ქვეყანაში ნედლი რძე არც ისეთი დიდი რაოდენობით გვაქვს, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტია, შევძლოთ საქართველოს ყველა რეგიონში მოხვდეს ჩვენი პროდუქტი“, - აღნიშნა ზეინაბ აბულაძემ.