01.თებერვალი .2020 00:00

WSJ: როგორ შეუძლია ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საავადმყოფოები 10 დღეში ააგოს?

views 3890
უკან

როგორ შეუძლია ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლისთვის საავადმყოფოები 10 დღეში ააგოს? - ამ სათაურით The Wall Street Journal-ი სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაში წერია, ჩინეთის მთვარობა ჩქარობს ორი ახალი საავადმყოფოს აგებას ქალაქ ვუჰანში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრია.

1000-საწოლიანია კლინიკა Huoshenshan-ი ფუნქციონირებას, როგორც მოსალოდნელია 3 თებერვალს დაიწყებს, მეორე კლინიკა Leishenshan-ი კი, რომელსაც 1600 საწოლი ექნება, 5 თებერვლისთვის უნდა იყოს მზად. გამოდის რომ ამ კლინიკებს ჩინეთში მხოლოდ 10 და 12 დღეში აგებენ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად გამოაცხადეს.

როგორც მშენებელი კომპანიის ვებგვერდზეა წარმოდგენილი, საავადმყოფო Huoshenshan-ი დაახლოებით 3,2 ჰექტარის ფართობის ტერიტორიას დაიკავებს და მას ექნება ინტენსიური თერაპიის განყოფილება, პაციენტთა პალატები, საკონსულტაციო ოთახები, სამედიცინო აღჭურვილობის ოთახები და ა.შ. ჩინეთის ცენტრალური სატელევიზიო არხის ინფორმაციით, ასევე აიგება კარანტინის პალატები, რათა ინფექციის გადადების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. საავადმყოფო იქნება ორსართულიანი.

Huoshenshan-ის კლინიკის მშენებლობის პირველი ფოტოები 24 იანვარს გავრცელდა, სადაც ჩანდა როგორ მუშაობდა ათობით ექსკავატორი, ბულდოზერი და სხვა ტექნიკა მიწაზე. შემდეგ სამშენებლო კომპანიებმა რამდენიმე შრე ფილები დაალაგეს და ბეტონის საფარი გააკეთეს. შენობის ნაწილები სვეტებზე იქნება და მიწას არ შეეხება. ერთგვარ სვეტებზე კი შემდეგ იდგმება კონსტრუქციები, რომლებსაც ერთმანეთს აკავშირებენ.

ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მშენებარე საავადმყოფოები 2003 წელს პეკინში აშენებული დროებითი კლინიკის Xiaotangshan-ის მოდელის მიხედვით იგება. მაშინ ქვეყანაში SARS-ის ეპიდემია იყო. საავადმყოფო იმ დროს 7 დღეში ააგეს. როგორც მაშინ ჩინური სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, 2003 წლის ივნისის ბოლოს აღნიშნულ კლინიკაში პაციენტების 99% გამოჯანმრთელდა.