მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ZARAPXANA-ს დირექტორი: “იმაზე მეტი ზარალი მივიღეთ, ვიდრე ველოდით”

5fbaeefa126df
ანუკა ჯოხაძე
23.11.20 10:15
2635
"იმაზე მეტი ზარალი მივიღეთ, ვიდრე ველოდით”, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია ZARAPXANA-ს დირექტორმა ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის და ოქროზე გაზრდილი ფასის გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ნაყოფია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ოქროს ფასი გაიზარდა, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ფასების დროებით შენარჩუნება შეძლეს, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიას პროდუქციის გაძვირება მაინც მოუწია.

„ზარაფხანაში“ ირწმუნებიან, ფასების ზრდა 15%-ს არ სცდება, მაგრამ პროდუქციის გაძვირებამ რეალიზაცია შეამცირა.

„რიცხვებს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ზარალი მივიღეთ; იმაზე მეტი, ვიდრე ველოდით. როგორც - დაბალი, ასევე მაღალი ღირებულების პროდუქცია გვაქვს; ძვირიანი პროდუქციის გაყიდვას მაინც ვახერხებთ, მაგრამ რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც გათვლილია საშუალო კლასზე, მასზე მოთხოვნამ იკლო. შესაბამისად, წარმოების მოდერნიზაცია მოვახდინეთ, დიზაინებიც შევცვალეთ და მომხმარებელს ახალი დიზაინის პროდუქცია შევთავაზეთ, რათა მაქსიმალურად დაგვეწია ფასი და ამით მოთხოვნა გაგვეზარდა“, - ამბობს ნიკოლოზ ნაყოფია.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით „ზარაფხანას“ 4 მაღაზია აქვს, საიდანაც 1 - ბათუმში, ხოლო დანარჩენი თბილისშია. პანდემიის მიუხედავად, „ზარაფხანას“ დირექტორი ფილიალების შემცირებას არ აპირებს. ნიკოლოზ ნაყოფიას ინფორმაციითვე, ამ პერიოდში თანამშრომლებისთვის არც ხელფასები არ შეუმცირებიათ.