მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზემო რაჭის გაზიფიცირება 1 წელში ვერ დასრულდება” - ონის მერი

626ffb4ba70a3
ანუკა ჯოხაძე
07.05.22 14:00
1919
ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დასრულდა, თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ გაუშვიათ.

როგორც BM.GE-თან ონის მერი სერგო ხიდაშელი აცხადებს, ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან ამ ეტაპზე გაზიფიცირებულია 11 სოფელი. მისი თქმით, რთულია ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი, თუ როდის დასრულდება ონის სოფლების სრულად გაზიფიცირება, თუმცა მისი თქმით, პროცესი აქტიურია და გეგმაშია საკურორტე ზონების - უწერისა და შოვის გაზიფიცირებაც.

“ამ ეტაპზე ქალაქ ონის სრული გაზიფიცირება დასრულებულია. ასევე ქალაქის მიმდებარედ 11 სოფელსაც მიეწოდება უკვე გაზი, თუმცა მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 64 სოფელია. საუბარია, რომ საკურორტე ზონებში უნდა შევიდეს გაზი. გაზიფიცირების ნაწილზე ალბათ უფრო ზუსტ კომენტარს თავად კომპანია მოგცემთ, თუმცა ზემო რაჭაში გაზიფიცირების პრობლემა 1 წელიწადში ვერ გადაწყდება. ვერ ვიტყვით, რომ პროცესი გაჩერებულია. დაგეგმილია სხვა სოფლების გაზიფიცირება, მათ შორის უწერის, შოვის, ღების და ა.შ. ზუსტ თარიღს, თუ როდის დასრულდება ზემო რაჭის გაზიფიცირება ვერ გეტყვით, ძალიან დიდი სამუშაოებია. 1 წელში რომ ყველა სოფელში შევიდეთ და გაზი გავიყვანოთ გამორიცხულია, 64 სოფელზეა საუბარი”-აცხადებს ქალაქ ონის მერი სერგო ხიდაშელი.

ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი BMG-სთან ამბობდა, რომ 2022 წელს დაგემილი იყო ზემო რაჭის 10 სოფლის გაზიფიცირება. მისივე განმარტებით, 2023 წელს უნდა დაიწყოს საკურორტე ზონებში გაზის გაყვანის სამუშაოები.

რაც შეეხება ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, 2021 წლის მაისში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი აცხადებდა, რომ 2022 წლის ბოლომდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაზიფირებული უნდა იყოს.

ამასთან, 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობამ საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების პროგრამა 2024 წლამდე გააგრძელა. შესაბამისად, მათი განმარტებით, საქართველოს სრული გაზიფირება 2024 წლამდე უნდა მოხდეს.