04.მარტი .2020 19:14

0.5 მლრდ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაზე კობა გვენეტაძე პირველ კომენტარს აკეთებს

views 1293
უკან

2020 წლის თებერვალში საპენსიო სააგენტომ მის ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირება დაიწყო და 560 მილიონი ლარი სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. სადეპოზიტო სერტიფიკატების წლიური განაკვეთი 14.9%-ს შეადგენს, ვადიანობა ხუთი წელია. ამის შესახებ სააგენტომ მას შემდეგ განაცხადა, რაც BM.GE-მ აღმოაჩინა, რომ 28 თებერვალს, სააგენტოს მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული ანგარიშის მოცულობა 236 მილიონი ლარით, 18 მილიონამდე შემცირდა.

ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად BM.GE-მ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კითხვებით მიმართა იმის შესახებ, თუ რა გახდა ინვესტირების დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იმ დროს, როცა უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჯერ შერჩეული არ არის და მის მოვალეობას საინვესტიციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით წიკლაური ასრულებს.

„საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება საინვესტიციო ოფიცრად პიროვნების დანიშვნის შესახებ და მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოხდა სადეპოზიტო სერტიფიკატებში ამ თანხის განთავსება. არსებობს დროებითი დებულება ინვესტიციების შესახებ, რომელიც ნებას რთავს სააგენტოს, რომ განათავსოს აკუმულირებული თანხები საბანკო დეპოზიტებში და სერტიფიკატი ამის ერთ-ერთი სახეა. ვფიქრობ, რომ ყველა ის ქმედება, რაც გაკეთებული იყო, არსებული კანონმდებლობის ფარგლებშია და საპროცენტო განაკვეთი არის საკმაოდ კარგი და კარგი იქნება, მომავალში ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის“, - განაცხადა სებ-ის პეზიდენტმა, თუმცა მას არ დაუსახელებია, რომელ ბანკში გადაინაცვლა თანხამ ეროვნული ბანკის ანგარიშიდან.

„თუ სააგენტოს უნდა, ამ ინფორმაციას გამოაქვეყნებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ყველა ბანკი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, სტაბილურია, გადახდისუნარიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სერტიფიკატებში იქნა ჩადებული“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტომ დანაზოგების ინვესტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელოს, რომლსაც თავის მხრივ საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, სააგენტომ ინვესტირება მხოლოდ დროებითი დებულების საფუძველზე დაიწყო, თუმცა როდის იქნება ძირითადი დოკუმენტი მზად, არ იცის.

„საბოლოო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი შეთანხმების და განხილვის პროცესშია. მე ვერ გეტყვით, ზუსტად როდის მოხდება მისი დამტკიცება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

საპენსიო სააგენტოს 28 თებერვლის გადაწყვეტილება BM.GE-ისთან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ შეაფასა. მისთვის სააგენტოს ნაბიჯი სრულიად გაუგებარია.

„ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება, ჯერ ბოლომდე არ ვიცით, თუ რა ოპერაციები ჩატარდა. თუ საპენსიო სააგენტომ ფული გაასესხა კომერციულ ბანკებზე, ეს დაუშვებელია და პირდაპირ ინფლაციის ხელისშემწყობია, მაშინ, როცა ეროვნული ბანკი ფულის ამოღების მექანიზმებს უნდა ეწეოდეს და ამავე დროს, უნდა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხების ზრდა.

თუ სააგენტომ იყიდა ეროვნული ბანკის სერტიფიკატები, ანუ ფული ეროვნულ ბანკს მისცა და შეცვალა პოზიცია, ანუ ანგარიშზე კი არ უდევს, არამედ მომგებიან, შემოსავლის მომტან, ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებში ჩადო, ეს შესაძლებელია, მაგრამ ესაც ძალიან ცუდია, რადგან რეალურად ხდება ამ უმოძრაო, მკვდარი ფულის დაფინანსება ეროვნული ბანკის საცავებიდან და ესაც არის პროცენტების ინფლაციური დარიცხვა სააგენტოს ფულზე.

სააგენტოს უნდა ჰქონდეს სწორი, გააზრებული საინვესტიციო პოლიტიკა. შესაძლებელია, მცირე ნაწილი კომერციულ ბანკებშიც იყოს, შეიძლება ფიქრი საზღვარგარეთ ინვესტირებაზეც, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას აპირებს სააგენტო. ელემენტარულად, ვიღაცამ რომ არ უთხრას, რატომ არ ანთავსებენ და არ უკიჟინონ, უზარმაზარი პროცენტული დარიცხვით ფული შეაჩეჩეს, დიდი ალბათობით, ეროვნულ ბანკს, ვინაიდან კომერციული ბანკი ამ პროცესში არასდროს სესხს არ აიღებდა, როდესაც ეროვნული ბანკი მუქთად აძლევს რეფინანსირების სესხებს და როდესაც ბაზარზე უფრო იაფია ფული.

მარჩიელობა არ უნდა გვიწევდეს, ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვას, რა ოპერაცია ჩაატარა. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით ეს ფული ძალიან ძვირად იყიდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოში დასაქმებულთა მიერ განხორციელებული კონტრიბუციების ჯამური ოდენობა 2020 წლის მარტის მდგომარეობით 615 მლნ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა