მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-19 აპრილს ახალი იპოთეკების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა -TBC Capital

60829a7236d9e
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.21 15:05
979
TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა მზარდია. კერძოდ, 2021 წლის 1-19 აპრილის შუალედში TBC ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკების მოცულობა 2020 წელთან შედარებით ხუთჯერ არის გაზრდილი. თუმცა, ამ ზრდის მიუხედავად, ბაზრის მოცულობა 2019 წლის დონეს მაინც ჩამორჩება. მაგრამ უშუალოდ თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც 2020, ასევე 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. 

“საქართველოში 1-19 აპრილის შუალედში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2019 წელთან მიმარტებით კლება 19.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას, 1-15 აპრილის პერიოდში თბილისში საცხოვრებელი სახლების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა,”- ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმადვე, 2021 წლის მარტში ახალი იპოთეკების მოცულობა წინა წელთან შედარებით 161%-ით იყო გაზრდილი. 

2020 წლის მარტსა და აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა, შესაბამისად, წელს იპოთეკური სესხების მატების ასეთი ტემპი სწორედ ამ "საბაზო ეფექტს" უკავშირდება. თუმცა, 2019 წელთან მიმართებით თბილისში განხორციელებული ტრანზაქციების და იპოთეკების რაოდენობის ზრდა ბაზრის გააქტიურებაზე მეტყველებს.

2020 წლის მეორე ნახევარში მთავრობამ უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, რომელიც დეკემბერში დასრულდა. ამ პროგრამით სულ 828 მილიონი ლარის მოცულობის 8,443 იპოთეკური სესხი გაიცა.