მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-2 წელიწადში სკოლებში სასადილოები გვექნება და ბავშვებს ხარისხიან კვებას შევთავაზებთ - განათლების მინისტრი

64465c4ad7f6a
გიგა ბენია
24.04.23 15:05
693
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი სასადილოების მოწყობაა. მინისტრის თქმით, 1-2 წელიწადში, როდესაც სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სახელმწიფო ბავშვებს ხარისხიან კვებას შესთავაზებს.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ, ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის სასკოლო კვების საკითხები, რომლებიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია ორი-სამი წლის განმავლობაში. ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით",-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, უწყება სხვადასხვა გამოცდილებასა და კვლევაზე მუშაობს, რათა შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომლითაც სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს მოაგვარებს.

"1-2 წელიწადში უმრავლეს სკოლაში შესაბამისი სასადილო ინფრასტრუქტურა და ადგილები გვექნება, რათა უკვე დამუშავებული მეთოდოლოგიისა და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების შესაბამისად, ჩვენს შვილებს ხარისხიანი და უვნებელი კვება შევთავაზოთ", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.