მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივლისიდან ბაზარი შესაძლოა, წყლის გამაცხელებლების და გაზქურების გარეშე დარჩეს - ახალი რეგულაცია

60c0778fe583f
ელენე გოგბერაშვილი
10.06.21 00:00
25805
1 ივლისიდან ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. საუბარია იმ ბიზნესსუბიექტებზე, რომლებიც აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ. „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.

მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 ივლისიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება როგორც - ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება.

კერძო სექტორი ამბობს, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია არ არსებობს, შესაბამისად, თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, გამოდის ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება.

რეგლამენტის შესაბამისად პროდუქციის დამზადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთანაც, რაც ბიზნესის გათვლებით, მომხმარებლისთვის ტექნიკის მინიმუმ 2-3-ჯერ გაძვირებას გამოიწვევს.

„პირველი, რაც მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის, ესაა ფასების ზრდა პროდუქციაზე, ვინაიდან ამ რეგლამენტის თანხმად, კომპანიებს მოეთხოვებათ პროდუქციის შემოტანისას წარმოადგინონ ე.წ. შესაბამისობის დეკლარაცია, რომლის დასამზადებლადაც თავად მწარმოებელმა კომპანიამ მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რაც ასევე ვადებთან არის დაკავშირებული, მინიმუმ 9-თვიანი ვადა სჭირდებათ ამისთვის; შესაბამისად, ამ დოკუმენტის წარმოდგენა შეუძლებელია 1 ივლისამდე. ამ შესაბამისობის დეკლარაციის მომზადება, რომელიც იმეორებს ევროკავშირის სტანდარტს, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც გამოიწვევს პროდუქციაზე ფასების ზრდას. საქართველოს რეალობაში რომ განვიხილოთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში პროდუქცია, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, პირობითად წყლის გამაცხელებელი, მასზე ფასი 2-3-ჯერ მოიმატებს“, - აცხადებს „თერმო ცენტრის“ იურისტი სოფო მექანარიშვილი.

რეგლამენტი ბიზნესს შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის საამწყობრო ნაწილებზეც, რა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კერძო სექტორის თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან მწარმოებელი კომპანიები მსგავს დოკუმენტს არ გასცემენ. შესაბამისად, გამოდის, რომ 1 ივლისიდან ამ მიმართულებით კომპანიები ვერც სერვისის მომსახურებას გასწევენ და ვერც საგარანტიო ვალდებულებებს მოემსახურებიან.

„აღნიშნული დადგენილებით, აუცილებელი გახდება შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა თითოეულ სამწყობრო ნაწილზე, რაც არცერთ ქვეყანაში არ არის მოთხოვნილი. ჩვენ ვიღებთ საგარანტიო მომსახურების ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. გამოდის, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ სათადარიგო ნაწილების შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე შემოტანას, რადგან მწარმოებელმა კომპანიებმა გვითხრეს, რომ შეუძლებელია თითოეულ საამწყობრო ნაწილზე, რაშიც იგულისხმება მინიმალური ზომის ჭანჭიკიც, შესაბამისი დეკლარაციის გამოგზავნა. ეს გამოიწვევს იმას, რომ მოგვიწევს ათასობით ადამიანთან დადებული საგარანტიო ხელშეკრულების დარღვევა“, - აცხადებს მექანარიშვილი.

ბიზნესისთვის პრობლემაა ნაშთების საკითხი და იმ პროდუქციის ბედი, რომელიც შეუკვეთეს, თანხაც გადაიხადეს და ტრანსპორტირების ფაზაშია. კერძო სექტორი აცხადებს, რომ საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რაც 1 ივლისიდან ბიზნესმა შეიძლება დაკარგოს. სექტორი გამოსავალს რეგულაციის მოქმედების გონივრული ვადით გადაწევასა და სექტორთან კონსულტაციების დაწყებაში ხედავს.

„ნაშთები, რაც გვაქვს, ვეღარ გაიყიდება 1 ივლისის შემდეგ. გავიარეთ ზედამხედველობის სააგენტოსთან კონსულტაციები, სადაც გვითხრეს, რომ ეს რეგლამენტი ეხება ყველა პროდუქტს, განურჩევლად შემოტანის თარიღისა. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 ივლისის შემდეგ, თუ 1 ივლისამდე შემოტანილ პროდუქციაზე თანაბრად მოხდება ამ რეგულაციის გავრცელება, მისი რეალიზაცია აიკრძალება.

საუბარია მილიონობით ლარის ნაშთებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საწყობებში გვაქვს. მართალია, დადგენილება 2020 წლის დასაწყისში შევიდა ძალაში, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ეს გავიგეთ მარტში, როცა ზედამხედველობის სააგენტო შემოვიდა ჩვენთან და მოგვცეს გაფრთხილება, თუ რას უნდა ვაკმაყოფილებდეთ 1 ივლისიდან. რეგულაცია ისეა მიღებული, რომ არცერთ კომპანიასთან არ გაუვლიათ კონსულტაცია“, - აცხადებს "თემო ცენტრის" იურისტი.

ბიზნესმა მათ წინაშე არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურსში უკვე ჩააყენა ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ახლა კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ ნინო კვეტენაძე მათ შესაბამის უწყებასთან უშუამდგომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ბაზარი, დროებით, აირზე მომუშავე მოწყობილობების გარეშე დარჩება. მათი თქმით, ახალი სტანდარტი ყველა შემთხვევაში ბაზრიდან საშუალო ფასის სეგმენტს გააქრობს და ყველა ის ტექნიკა, რომელიც აირად საწვავზე მუშაობს, ამიერიდან 3-ჯერ უფრო ძვირი ეღირება.