24.ნოემბერი .2022 10:40

1 ლარად გადაცემულ მიწაზე „საქპლასტი“ ₾6 მლნ-მდე ინვესტიციას ჩადებს - კომპანიის გეგმები

1 ლარად გადაცემულ მიწაზე „საქპლასტი“ ₾6 მლნ-მდე ინვესტიციას ჩადებს - კომპანიის გეგმები
views 747
უკან

ხონში 6 მლნ ლარამდე ინვესტიციით პოლიეთილენის მილების წარმოება ამოქმედდება. პროექტს, რომელიც რაიონში 50 სამუშაო ადგილს შექმნის კომპანია „საქპლასტი“ ახორციელებს.

პროექტის დეტალებსა და კომპანიის გეგმებზე BM.GE-ს მისი დამფუძნებელი კონსტანტინე საღარეიშვილი ესაუბრა.

საქმე ის არის, რომ „საქპლასტმა“ ხონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებით მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო და დაგეგმილი პროექტის განხორციელებას შეუდგა.

როგორც კომპანიის დირექტორი კონსტანტინე საღარეიშვილი აღნიშნავს, „საქპლასტი“ წლების განმავლობაში მილების საწარმოს მართავდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედებდა. მათ მიერ წარმოებული პროდუქტით კი ადგილობრივი ბაზარი მარაგდებოდა, თუმცა მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ერთი წლის წინ წარმოება გაჩერდა. „საქპლასტის“ დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანია წარმოებას თანამედროვე დანადგარებით გამართავს.

„ჩვენ პოლიეთილენის მილების წარმოების დიდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ გვინდოდა თანამედროვე სტანდარტების წარმოება აგვემოქმედებინა. ამ მიზნით სახელმწიფოს ქონების გადმოცემის მიზნით მივმართეთ და მიწა სიმბოლურად მივიღეთ. დღეისთვის ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულისთვის წარმოების პირველი ნაწილი ამოქმედდება. 2.7 ჰა-ზე განთავსებული სახელმწიფო ქონება ჩვენ გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით მივიღეთ, კერძოდ კი აქ 1.5 მლნ ლარის ინვესტირებით ჩვენ 1.5 – 2 წელში წარმოება სრულად უნდა აგვემოქმედებინა, თუმცა ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი დაახლოებით 5-6 მლნ ლარის ღირებულების არის და მისი პირველი ნაწილი 2023 წლის ზაფხულისთვის ამოქმედდება, სრულად წარმოება კი ალბათ 2024 წლიდან ჩაეშვება“, - ამბობს კონსტანტინე საღარეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, წარმოების წლიური ბრუნვა დაახლოებით 1-2 მლნ ლარი იქნება, თუმცა წლიდან წლამდე ეს რიცხვი მზარდი იქნება.

„ბაზარზე მოთხოვნა დიდია. ძველი წარმოების ოპერირებისას ბრუნვა 3 მლნ ლარამდე იყო, დღეს კი გაზრდილი ფასების პირობებში ეს რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შესაბამისად, ველით რომ მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრიდან მაღალი იქნება, რაც წარმოებაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა საღარეიშვილმა და დასძინა, რომ ის ასევე მართავს კომპანია „გეოპლასტს“, რომელიც წყალმომარაგების პროექტებს ახორციელებს და წლიურად მხოლოდ 2 მლნ ლარის საქონელს ყიდულობს. პოლიეთილენის მილების წარმოების ამოქმედება კი როგორც მათ, ასევე სხვა ადგილობრივ კომპანიებს ქართული პროდუქტით მოამარაგებს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა