მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ოქტომბრიდან დღემდე 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა - კალაძის სტატისტიკა

5db0043a4c607
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 11:55
1193
თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, 1 ოქტომბრიდან დღემდე ტაქსების მიერ სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გაწევის გამო, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა.

„2 000-დან 700 ტაქსის მძღოლი პირველ ოქტომბერს (როდესაც ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი ამოქმედდა)  იყო დაჯარიმებული და აქ პარლამენტი ჩვენთან შეთანხმებით, ინიციატივით გამოვიდა, რომ  ერთჯერადი ამინისტია გამოუშვან და ეს ჯარიმები მძღოლებს ჩამოაწერონ, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც არღვევდა რეგულაციებს და ქალაქის მოსახლეობას დარღვევით ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ჯარიმების გადახდა", -  განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა  ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში, თუ ამის საჭიროება იქნება, ცვლილება შევიდეს და A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ ავტომობილების ფერის რეგულაციის სრულად შესრულება მოხდეს. კალაძის განმარტებითვე, ამჟამად, ავტომობილების გარკვეული ნაწილი სრულად თეთრად გადაღებილი არ არის.

მერის განცხადებითვე,  დღეის მდგომარეობით, მოსახლეობას A კატეგორიის 11 000-მდე ტაქსი ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის თებერვალში ტაქსების რეფორმა დაანონსა და განაცხადა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. იმავე წლის 27 ივლისს საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა. მაშინვე ითქვა, რომ რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყებოდა. თბილისის მერის შეფასებით, "რეფორმა შედგა".