მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„1 უცხოელი სტუდენტი, დაახლოებით, 10 000 დოლარს ტოვებს... ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“ - ინტერვიუ

6411f5e2b16e3
თელარა გელანტია
15.03.23 22:00
2189
„თუ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების მოზიდვას ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე“, - ეს განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გააკეთა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომლის მოტანა უცხოელ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკისთვის შეუძლიათ. „ჩვენ ქართველებს არ გვაქვს არც ოქრო, არც ნავთობი და არც სხვა ბუნებრივი რესურსი. ერთადერთი გვაქვს თავი და ამ თავს ვყიდით რეალურად, რომ უცხოელი ჩამოვიდეს და საქართველოში ისწავლოს“, - ამბობს კახა შენგელია.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოზე უცხოელი სტუდენტების მოთხოვნა გაიზარდა და ვიზების მიღებასთან დაკავშირებული ბარიერები სწრაფად უნდა მოგვარდეს.

- უკრაინაში სწავლობდა ნახევარი მილიონი უცხოელი სტუდენტი, ვინც ომის გამო უკრაინაში ვერ რჩება. ისინი რუსეთში ვერ მიდიან, ვერც - ევროპაში, რადგან მათთვის ძალიან ძვირია ევროპული უნივერსიტეტები. შესაბამისად, დარჩა საქართველო, რადგან სომხეთის და აზერბაიჯანის განათლების სისტემას ინდოეთის მთავრობა არ ენდობა. არჩევანი აქვთ ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთში. დღესდღეობით, როგორც ვიცით, საქართველოში ჩამოვიდა 4-დან 5000-მდე ახალი ინდოელი სტუდენტი, რომელიც სწავლობდა უკრაინაში. შეიძლება, ომის გამო, ეს სტუდენტები უკრაინასა და რუსეთში ორი წელი მაინც ვერ დაბრუნდნენ. ამდენად, მათ სადღაც ხომ უნდა ისწავლონ და ვიღაცამ ხომ უნდა აითვისოს ისინი?! საუბარია არა მხოლოდ ინდოელ, არამედ აფრიკელ, აზიელ სტუდენტებზე. ამდენად, ჩვენ ვართ დღეს იმ პოზიციაში, რომ ამ უზარმაზარი ტორტის გარკვეული ნაჭერი წამოვიღოთ ჩვენს ქვეყანაში.

- რა არის ამისთვის საჭირო?

- უნდა გავხსნათ ქვეყანა და უცხოელი სტუდენტები საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში თავისუფლად შევუშვათ.

- რას გულისხმობთ ქვეყნის გახსნაში - რა არის მთავარი ბარიერი, რაც აფერხებს უცხოელების სწავლის პროცესს?

- საჭიროა, სავიზო ბარიერების გადაჭრა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს. როგორც ვიცი, მთავრობაში დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა. უნდა შემოვიდეს ვიზების აღების ელექტრონული ფორმა. ეს უნდა გაკეთდეს და ძალიან სწრაფად ამოქმედდეს. მე მეტსაც ვიტყოდი - ელექტრონული ვიზები სტუდენტებს უფასოდ უნდა მივცეთ. ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან მარგებელი, ოღონდ ეს არის დროის ამბავი - თუ ჩვენ ახლა ამ ორ წელიწადს კარგად გამოვიყენებთ, საქართველო ყველგან გახდება ცნობილი.

- მთავრობას ესმის, რომ სწორედ ახლა არის მომენტი და შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ?

- ესმით... მოგვყვებიან, მაგრამ ნელი ტემპებით, თუმცა იმედი მაქვს, ამდენი შეძახილით ყველა მხრიდან, უფრო სწრაფად დავქოქავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მალე გაიხსნას საზღვარი და მალე შემოუშვან ძალიან წყნარი აზიელი თუ აფრიკელი მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში განათლების მიღება სურთ. განათლების სამინისტროც იაზრებს ყველაფერს, მოგვყვებიან, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა ინსტიტუტს შორის - იქნება ეს უშიშროების სამსახური, იუსტიციის სახლი თუ სხვა. ჯამში, უცხოელი სტუდენტებისთვის ქვეყნის ფართოდ გახსნა იქნება მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი იმპულსი... რა მშენებლობის სექტორი და ან რა ბიტკოინი...

- და მაინც, როგორია ამ საკითხზე მთავრობის მუშაობის ტემპი?

- ვისურვებდი უფრო მეტს და უფრო სწრაფად მოქმედებას. გვისმენენ, უნდათ, მაგრამ საკითხი ჯერ მაინც ვერ გავიდა ბოლოში.

- რა არის პრობლემა - აჭიანურებენ ვიზების გაცემას თუ მოქალაქეების მიხედვით არჩევენ ვის უფრო სწრაფად მისცენ და ა.შ?

- პროცესი დროში იწელება... ინდოელები, აფრიკელები ამბობენ, რომ უკრაინაში ისინი ვიზას იღებდნენ 1-2-3 დღეში, საქართველოში კი სჭირდებათ 20 დღე, 30 დღე... ასე არ უნდა იყოს. შემაფერხებელია. ისინიც დაიღალნენ. ამბობენ - რატომ წავიდე საქართველოში, როდესაც უზბეკეთში სამ დღეში მოგვცემენ ვიზებსო...

- კავკასიის უნივერსიტეტში დღეს რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს?

- 1000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს 30 ქვეყნიდან. აღსანიშნია, რომ 2019 წელს მივიღეთ პირველი 50 უცხოელი სტუდენტი.

- მოთხოვნის შემთხვევაში, კიდევ რამდენი უცხოელი სტუდენტის მიღებას შეძლებს უნივერსიტეტი?

- დაახლოებით, 4000-მდე უცხოელი სტუდენტი შეგვიძლია მივიღოთ.

- საინტერესოა, საქართველოს განათლების სისტემას ჯამურად რამდენი უცხოელი სტუდენტის მიღების პოტენციალი აქვს?

- საქსტატის მონაცემებით, 2022-2023 სასწავლო წლებისთვის 25 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მაგრამ ჩვენი გათვლებით, ეს რიცხვი უკვე 35 000-მდეა გაზრდილი. „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ დათვლებით, საქართველოში დღეს ერთი უცხოელი სტუდენტი წლიურად 10 000 დოლარს ტოვებს, რაც თანხებში რომ გადავიყვანოთ, 350 მლნ დოლარი გამოდის. ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს კიდეც, რითაც ქვეყნის ეკონომიკას მიეცემა ძალიან დიდი ბუსტი ანუ განვითარების საშუალება, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში დაიძრას ეკონომიკური ცხოვრება. ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.