20.თებერვალი .2020 23:14

10 000 ბოთლი რაჭული ღვინო ექსპორტზე - რა გეგმები აქვს „ჭრებალოს მარანს“

views 785
უკან

ღვინის წარმოება „ჭრებალოს მარანმა“, 2019 წელს 400 000 ლარის ინვესტიციით დაიწყო.

ამის შესახებ BM.GE-ის რაჭის სოფელ ჭრებალოში ამოქმედებული მარნის თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ღვინის საწარმოში 6 ადგილობრივია დასაქმებული. პირველი მოსავალი 2019 წლის რთველზე აიღეს და დღეისთვის ადგილობრივი ჯიშებიდან 6 დასახელების ღვინოს აწარმოებენ.

როგორც ღვინის მწარმოებელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიაში ერთი წელი არ არის რაც შემოვიდნენ, მიმდინარე წელს ღვინის პირველი პარტიების ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში უკვე განახორციელეს.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია მაღაზიებსა და რესტორნებში. ახლა ვიწყებთ უკვე ექსპორტზე მუშაობას. პირველი კომპანია ვართ, რომელიც წელს წარმოდგენილი იქნება სერბეთში გამოფენაზე. სერბეთის 20-23 თებერვალს ძალიან დიდი ღვინის ფესტივალი ტარდება, სადაც საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი.

წელს რამდენიმე პარტია უკვე გავგზავნეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში“, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას „ჭრებალოს მარნის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ 2020 წელს 15 000 ბოთლი ღვინის წარმოებას აპირებენ, საიდანაც 10 000 ბოთლის ექსპორტი იგეგმება.

„ვიწყებთ ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით მუშაობას, სურვილი გვაქვს რომ იაპონიაში შევიტანოთ ჩვენი ღვინო. გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს ექსპორტი კანადაში, აშშ-სა და ინგლისშიც განვახორციელოთ“, - ამბობს ღვინის მწარმოებელი.

ტვიში, უსახელაური, რაჭული თეთრა, ბარაკონი, ალექსანდროული და ხვანჭკარა - ეს „ჭრებალოს მარნის“ წარმოებული ღვინოებია და როგორც სალომე ლეკიშვილი ამბობს, დაწყებულია ასევე ქვევრის ღვინის წარმოებაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა