მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“10 000 ბრუნიდან 500 ვერ სრულდება… “ბასლეინების” სრულად დახაზვა ამ პრობლემას მოაგვარებს”

631b4d6c45b01
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.22 13:30
2896
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო საზოგადოებრივი ავტობუსების გადაადგილების დაგეგმილი (დაახლოებით, 10 000 ბრუნი) ბრუნიდან 500 ერთეული ვერ სრულდება.

BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ მათი ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ გადაადგილება ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ველოსიპედის და სხვა ტრანსპორტით გადაადგილებისთვის.

„ჩვენი მიზანი არ არის მოქალაქეების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასმა, ურბანული პოლიტიკის მიზანია, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა მისცეს“, - აღნიშნა მან.

ვიქტორ წილოსანმა სატრანსპორტო პოლიტიკის მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა, სადაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ პარკირების ადგილების რაოდენობა 2025 წლისთვის 85%-ით შემცირდება და აღნიშნა, რომ ევროპული ტიპის ქალაქებში პარკირების ადგილები და ავტომობილების გადაადგილების არეალები მცირდება.

კითხვაზე - გვაქვს თუ არა თბილისში ევროპულ ქალაქებში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების ანალოგიური მოწყობა და დაფარვა, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს თბილისში, ევროპაში საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რამეთუ ის ყველაზე ახალია.

"ჩვენნაირი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არცერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქს არ ჰყავს. ბუნებრივად მასზე მოთხოვნა ვერ გაიზრდება, რადგან ჩვენ მხოლოდ ავტობუსების შემთხვევაში დაგეგმილი (10 000) ბრუნის რაოდენობის, დაახლოებით, 500 ერთეულს ვერ ვასრულებთ ქალაქში, რადგან ქუჩებში საცობები გვხვდება. იცით, რომ თამარ მეფის ქუჩაზე, თამარაშვილზე, დიდ დიღომში სრულდება უკვე რეაბილიტაცია, წლის ბოლოს მელიქიშვილის და ასევე ქეთევან წამებულის გამზირების რეაბილიტაცია დამთავრდება და ჩვენ ძალიან კარგი სატრანსპორტო დერეფანი გვექნება. ამ შეუსრულებელი ბრუნების, დაახლოებით, ნახევარი - 280 ბრუნის ჩავარდნა ამ კვანძების გამო იყო და ამ ბრუნის ჩავარდნა თამარ მეფეზე ხდებოდა.

ამავდროულად ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 93%-მდე გავზარდეთ და ძალიან ბევრ ადგილას, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახლა ტრანსპორტი დადის. მაგალითად, დიდი დიღმის დასახლებაში, შანხაის უბანში“, - განმარტა ვიქტორ წილოსანმა და დასძინა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ "ბასლეინების" სრულად დახაზვა შეუსრულებელი ბრუნების პრობლემას სრულად გადაჭრის.

ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თავად ქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.