მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-დან 5 ქულა - როგორი კრიზის-მენეჯერი იყო გახარია - ივა ჭყონიას შეფასება

602e3788dafab
ინგა მურუსიძე
18.02.21 13:44
1152
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განცხადებით, როგორც კრიზის-მენეჯერი, გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში "გარკვეულწილად დადებითი იყო, თუმცა იყო ჩავარდნებიც". სწორედ ასე უპასუხა ჭყონიამ bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასებდა ის გიორგი გახარიას, როგორც კრიზის-მენეჯერს. ივა ჭყონია ამბობს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შეზღუდვების დაწესება ლოგიკური იყო, თუმცა მეორე ტალღის დროს - არა.

ბიზნესმენის თქმით, ახლაც არ არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ქვეყანა ბოლომდე.

„გადაწყვეტილებებში რამდენად დამოუკიდებელი იყო, მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, თუმცა გარკვეულწილად ბიზნესს ეხმარებოდა, მაგრამ იყო ბევრი პრობლემაც. რამდენიმე ასოციაციის სახელით მივმართეთ, შექმნილიყო საკონსულტაციო საბჭო, თუმცა ამაზე პასუხიც კი არ მიგვიღია და შეიძლება საწყენიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ალბათ შიგნით გუნდში პრობლემების ბრალი იყო“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ და თავად გიორგი გახარიასთვის ე.წ. შავ ლაქად მიიჩნევს ანაკლიის პროექტის ჩავარდნას, ხოლო დადებითი კუთხით რაიმე კონკრეტულ ფართომასშტაბიან რეფორმას ვერ იხსენებს.

კითხვაზე, 10-ბალიანი სისტემით, რამდენ ქულას დაუწერდა ის, როგორც ბიზნესმენი, გიორგი გახარიას ბიზნესთან კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით, ივა ჭყონია ამბობს, რომ 5 ქულას დაუწერდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს მომავალი პრემიერისგან, ბიზნესმენი პასუხობს- „თუ პოლიტიკური სიტუაცია არ დასტაბილურდა, ბიზნესს ვერ ეშველება. ყოველთვის იქნება გაურკვევლობაში“.