მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-დან 7 მოქალაქე უარს ამბობს რუსეთის მოქალაქისთვის ბინის მიქირავება/მიყიდვაზე - რეალტორი

624c18958cf65
მარიამ ადამია
06.04.22 00:10
3779
“რუსების მხრიდან საქართველოში, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მოთხოვნა, არც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო ნაკლები, თუმცა ახლა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” რეალტორმა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ბესიკ ქავთარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი ორი კვირა იყო შოკური პერიოდი, როდესაც კომპანიაში 10-დან 8 ზარი ბელარუსი ან რუსი მოქალაქისგან შედიოდა, თუმცა შემდეგ, ეტაპობრივად მდგომარეობა დასტაბილურდა.

“დღეს უძრავი ქონების შეძენაზე მეტი მოთხოვნა, ბინის დაქირავებაზე მოდის. რუსები ძირითადად 6 თვით, თბილისის ცენტრალურ უბნებში, მათ შორის ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდის, ვერა და სოლოლაკის ტერიტორიაზე ეძებენ საცხოვრებელს, მაგრამ მიუხედავად მოთხოვნისა, საქართველოში 10-დან 7 მოქალაქე, ამბობს უარს კონკრეტულად რუს მოქალაქეს მიჰყიდოს ან მიაქირაოს ბინა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვერ ვემსახურებით მათ,” - ამბობს რეალტორი ბესიკ ქავთარაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში უმეტესად 30-35 წლამდე დისტანციურად დასაქმებულები შემოდიან და არავინ იცის, თუ რამდენ ხანს აპირებენ გაჩერებას.

“არც ის ვიცით, თუ საიდან აქვთ ამ ადამიანებს ფული, რომ საქართველოში უძრავი ქონება იყიდონ, ან თუნდაც იქირაონ, რადგან ქირის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 30%-ით, შესაბამისად, სულ მცირე $600-700-ის გადახდა უწევთ,” - განაცხადა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ბესიკ ქავთარაძემ.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაიწყო და რუსეთის მისამართით მსოფლიომ სანქციები აამოქმედა, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. საუბარია როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებზე.