მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$10 მლნ-იანი ლოპოტაჰესი დაპაუზებულია

609405616198d
ანუკა ჯოხაძე ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 09:00
1464
ქართულ-იტალიურმა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2016 წლიდან ლოპოტას ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მუშაობა დაიწყო. 3 წლის განმავლობაში კომპანიამ 1 მლნ დოლარის ფინანსური რესურსით ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და როგორც კომპანიაში ამბობენ, რთული სანებართვო პროცედურების შემდეგ „ლოპოტაჰესის“ პროექტის განხორციელების ნებართვა 2019 წელს მიიღო.

„კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტმა სწორად, უსაფრთხოდ და კარგად იფუნქციონიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩადებული ინვესტიცია წამგებიანი იქნება“, - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას „ლოპოტაჰესის“ აღმასრულებელი დირექტორი ბიძინა იმნაძე.

ურეზერვუარო, მცირე ჰესის მშენებლობაზე 2020 წლის ოქტომბრამდე კომპანიას ჯამში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, შედეგად კი წლიურად 25 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია მიეღო.

პროექტის ავტორების თქმით, ეს რათქმაუნდა, არ არის დიდი მოცულობა, თუმცა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით თავის წვლილს "ლოპოტაჰესიც" შეიტანდა.

ჰესი დღემდე არ ამოქმედებულა, უფრო მეტიც, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის შემდეგ შეჩერებულია და მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობაა.

"ლოპოტაჰესის" აღმასრულებელი დირექტორი ბიძინა იმნაძე აცხადებს, რომ „ართანა ლოპოტა“ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყო, თუმცა პროცესი ისე წარიმართა, რომ რიგ საკითხებში ადგილობრივები ვერ დაარწმუნეს. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიები ერთნაირი სცენარით ვითარდება, რაც პროექტების განხორციელებას შეუძლებელს ხდის.

„სერიოზული ნეგატიური პროცესები მოსახლეობასთან, სამწუხაროდ, 2019 წლის აპრილში დაიწყო. მშენებლობის დაწყების წინ აგრესიული ფონი შეიქმნა, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნა გავითვალისწინეთ და მშენებლობა შევაჩერეთ. მას შემდეგ დარწმუნებული ვიყავით, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან შეხვედრისას ყველა კითხვას ვუპასუხებდით და თუ რაიმე ნაკლი იქნებოდა, გამოვასწორებდით. აქ წავაწყდით იმას, რასაც არარაციონალური პრობლემები შეგვიძლია ვუწოდოთ. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ ეს პრობლემები თითქმის ყველა ჰესზე ერთი და იმავე სცენარით მიდის. ისმის ბრალდება, რომ არ არის ჩატარებული კვლევები - ტოპოგრაფიული, სეისმური... ისეთი კვლევები, რომლის გარეშე ჰესის აშენება შეუძლებელია. შემდეგ ხდება ემოციური მიზეზების წინა პლანზე წამოწევა. ჩვენს შემთხვევაში საუბარია, რომ იქ უნიკალური მარმარილოს საბადოა, რომელსაც ჩვენ თითქოს ვანგრევთ და რომ სოფელს არ ექნება წყალი, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ხე-ტყე განადგურდება. ეს მეორდება და ამ სცენარს სხვადასხვა ჰესთან მიმართებით ხშირად ვხედავთ. 

მაგალითისთვის, კომპანიაზე გადმოცემულია 19 ჰა ტერიტორია სამშენებლო დერეფნისთვის, ამ კუთხით მუდმივად მეორდება ბრალდება, რომ ჩვენ მთის ფერდობებზე 19 ჰა ხე-ტყეს მოვჭრით, მაშინ როდესაც ხე-ტყის ჭრა 3-4 ჰა-ზე მოხდება, რადგან დერეფნის ნახევარზე მეტი მდინარის კალაპოტი და გზაა. როდესაც ვინმე იტყვის, რომ 19 ჰა-ზე ხე-ტყე იჭრება, ადგილობრივი მოსახლეობა ვარდება შიშში და ძნელია მას დაუმტკიცო, რომ შავი-შავია და თეთრი - თეთრი. იგივე ხდება კულტურ ძეგლებზე. ჯერ იყო საუბარი, რომ სამშენებლო დერეფანშია რაღაც ძეგლები და ყოველთვის მეორდებოდა, რომ კომპანიამ არაფერი იცის და ამბობს, რომ ლოპოტას ხეობაში ისტორიული ძეგლები არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩავატარეთ კვლევა და ზუსტად ვიცით, სად არის ისტორიული ძეგლები და სამშენებლო დერეფანში ისინი არ არის, რადგან დერეფანი ისე შეირჩა, რომ იქ ისტროიული ძეგლები არ ყოფილიყო.

დარწმუნებული ვარ, ყველა სოფელმა კარგად იცის, სად რომელი ძეგლია, დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ფართო საზოგადოებაზე ხდება, რომ ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ. ეს ძალიან შემაშფოთებელი და უარყოფითი მოვლენაა“, - განაცხადა „ართანა ლოპოტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის პროცესში გარდა სამშენებლო კომპანიების პროექტში ჩართვისა, 60 ადგილობრივი უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმდებოდა, ასევე კომპანია სოფლებში მუშებისთვის სახლების დაქირავებას გეგმავდა. იგეგმებოდა ასევე მუშახელის ადგილობრივი სურსათით უზრუნველყოფა. შეიქმნებოდა სოფლის მხარდაჭერის ფონდი, სადაც ჰესის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად თანხები სოფლის სასარგებლოდ გამჭირვალედ ჩაირიცხებოდა. ბიძინა იმნაძე ამბობს, რომ კომპანია თავის თავზე იღებდა სოციალურ პასუხისმგებლობას და გაჩეხილი, წითელ წიგნში შესული ხეების სანაცვლოდ იმავე სახოების 29 ჰა-იან ტყეს მოუვლიდა. კომპანიამ მოსახლეობას ხეობის ტურისტული პოტენციალის შეფასება სახელმწიფო უწყებების დახმარებითაც შესთავაზა, რათა ეს რესურსიც ადგილობრივებს მაქსიმალურად აეთვისებინათ, თუმცა დღეისთვის პროექტი გაჩერებულია და მცირე „ლოპოტა ჰესის“ აშენება ვერ ხერხდება.