მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 რამ, რაც ბუდაპეშტში მოგზაურობისას უნდა მოინახულოთ

5e0b56f39cc9e
BM.GE
01.01.20 15:00
3705
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ევროპის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი ხდება, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ამ ქალაქში თოვლი მოდის. ამას თან ემატება რომანტიკული არქიტექტურული შედევრები და მდიდარი კულტურა.

საქართველოდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს „ვიზეარი“ უკვე დიდი ხანია ახორციელებს, ამიტომაც საქართველოდან სამოგზაურად საკმაოდ ხშირად ბუდაპეშტშიც მიდიან.

რა უნდა მოვინახულოთ ბუდაპეშტში ვიზიტისას ზამთარში? CNN 10 ადგილს გვთავაზობს:

საშობაო ბაზრობები

ცენტრალური ევროპის ამ ქალაქში საშობაო ბაზრობები განსაკუთრებით ლამაზი და გამორჩეულია. ცხელი ღვინო, საშობაო ნამცხვარი, ტრადიციული კერძები, ხელნაკეთი ნივთები - ეს ყველაფერი ბუდაპეშტის საშობაო ბაზრობებზეა, რომლებიც ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით ღიაა.

ყინულის საციგურაო მოედანი

ბუდაპეშტის საციგურაო მოედანი 1870 წელს დაარსდა და იგი ყველაზე ძველი და დიდი მოედანია ევროპაში. აქ ნოემბრიდან თებერვლის შუა რიცხვამდე უამრავი მსურველი მიდის სასრიალოდ. ეს მომსახურება საკმაოდ იაფიც ღირს. ბავშვებისთვის 3,50 დოლარი, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის 5,25 დოლარი, ხოლო ზრდასრულებისთვის 12.30 დოლარი.

სენტ-სტეფანის ბაზილიკის სინათლის შოუ

სენტ-სტეფანის ბაზილიკა ნამდვილად ულამაზესი ნიმუშია ბუდაპეშტის არქიტექტურის, თუმცა, ის განსაკუთრებით ლამაზი ზამთარშია, როდესაც სინათლის შოუ იმართება. ბაზილიკას სხვადასხვა ფერად ანათებენ, რაც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის ღამით.

სპა და თერმული აბაზანები

ბუდაპეშტს ხშირად ეძახიან „სპა ქალაქსაც“. აქ 118 ბუნებრივი თერმული წყალია, რომელიც ათობით სპას ამარაგებს. ქალაქში ყოველდღიურად 70 მილიონი ლიტრი თერაპიული წყალი იხარჯება.

უნგრეთის სახელმწიფო ოპერის სახლი

ოპერის სახლი მე-19 საუკუნისაა. მისი მშენებლობა 1884 წელს დასრულდა, მას 130 წლის განმავლობაში აშენებდნენ. აღნიშნული სახლი არაერთხელ გამოუყენებიათ ფილმების გადასაღებად. ოპერის სახლი წარმოდგენებისთვის ამჟამად დახურულია, თუმცა ტურისტებისთვის ტურები ტარდება.

საშობაოდ მორთული ტრამვაი

ბუდაპეშტის ტრამვაი 39 000-ზე მეტი ნათურითაა მორთული. იგი ქალაქში ყოველ საღამოს გამოდის და დეკემბრიდან იანვრამდე განათებული მოძრაობს. ცალკე ბილეთის ყიდვა ამ ტრამვაით მგზავრობისთვის არ არის საჭირო. ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ბილეთიც საკმარისია, რომელიც დაახლოებით 1,35 ევრო ღირს.

კრუიზი მდინარე დუნაიზე

ევროპის უდიდესი მდინარის დიდი ნაწილი სწორედ უნგრეთში გადის. მასზე გემით გასეირნება ბუდაპეშტში ჩასულ ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. სწორედ მდინარიდან ჩანს ყველაზე შთამბეჭდავად უნგრეთის პარლამენტის ულამაზესი შენობა, მარგიტის კუნძული და თავისუფლების მონუმენტი.

ბუდაპეშტის ბარები

ბუდაპეშტის ბარები საკმაოდ პოპულარულია. არაერთ ადგილას სხვადასხვა მიტოვებულ შენობებსა და ღია სივრცეებში ბარებია გახსნილი, სადაც სხვადასხვა სასმელისა და კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ანდრაშის გამზირი და შოპინგის ქუჩა

ბუდაპეშტში ზამთრის პერიოდში შოპინგი არის წარმოუდგენელი გამოცდილება. თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ულამაზეს ბუტიკებს ეწვიოთ, ასევე იგრძნოთ საშობაო განწყობა ლამაზად მორთული მაღაზიებიდან. ეს ორი ქუჩა თითქმის ყოველთვის სავსეა ტურისტებით.. წლის ნებისმიერ დროს.

ბუდას ციხესიმაგრე

ბუდას ციხესიმაგრე ულამაზესი ისტორიული შენობაა, რომელიც ბუდაპეშტის სავიზიტო ბარათია. ციხესიმაგრეს ირგვლივ აქვს ბაღიც, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა ბარებითა და ღია ცის ქვეშა ღონისძიებებით.