მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი: წელს უკრაინის მშპ 45.1%-ით შემცირდება, რუსეთის კი 11.2%-ით

62546b213a1e4
BM.GE
11.04.22 21:57
824
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და მათი მშპ-ისა და სხვა მარკერების სამომავლო ხედვა წარმოადგინა. მსოფლიო ბანკის დათვლებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, 2022 წელს, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 45.4%-ით შემცირდება, ხოლო რუსეთისა 11.2%-ით.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, რუსეთ-უკრაინის ომის პროგნოზის თანახმად, რეგიონის ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ახალი პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია 4%-იანი კლება. რუსეთისა და უკრაინის გარდა, მშპ-ის კლება მოსალოდნელია ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და მოლდოვაში, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკის „ანემიური ტემპით“ ზრდა არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება რუსეთს, მსოფლიო ბანკის თქმით, ის უკვე ღრმა რეცესიაში შევიდა – 2022 წელს, ინვესტიციების 16.9%-ით, ექსპორტის – 30.9%-ით, ხოლო იმპორტის 35.2%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, რუსეთში ინფლაციის დონე 22%-მდე აიწევს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 12.8% აღმოჩნდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით მსგავსი პროგნოზები გაავრცელეს Goldman Sachs-მა და Barclays-მა: პირველის აზრით, რუსეთის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება, ხოლო მეორეს აზრით – 12.4%-ით. რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD), მისი პროგნოზით გლობალური მშპ 1%-ით შემცირდება, ხოლო გლობალური ინფლაცია საშუალოდ 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

გაცილებით უარესი მდგომარეობაა უკრაინაში, რომელსაც რუსეთთან ომის გამო 4 მილიონი ლტოლვილი, 6 მილიონი დევნილი და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე 12 მილიონი ადამიანი ჰყავს. მსოფლიო ბანკის დათვლებით, 2022 წელს, უკრაინაში ინვესტიციების 57.5%-ით, ექსპორტის – 80%-ით, ხოლო იმპორტის 70%-ით შემცირება არის მოსალოდნელი. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 70% აღმოჩნდეს – გასულ წელს, ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოც მოხვდა – ორგანიზაციის დათვლებით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 3%-ით ნაკლებია. ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების მთავარ მიზეზად მსოფლიო ბანკი უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გადაიხედება. თუმცაკი, მსოფლიო ბანკის თქმით, მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან, ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენასთან ერთად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი აჩქარდება.

Forbes.ge