მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია - უმრავლესობა უცხოელია

637cae32798da
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.22 10:10
1004
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები BM.GE-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 56%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს რიცხვები 75%-იან აღდგენაზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეროვნულ პარკებს 25%-ით ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა უმრავლესობას - 54%-ს (458 557) უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ, შესაბამისად 46% ქართველების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდის.
გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო ფასები არ შეცვლილა და მათი ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

„დღეისათვის ვიზიტორებს ყველა დაცული ტერიტორია მასპინძლობს. რაც შეეხება შესვლის ღირებულებას, რამდენიმე ტერიტორიაა, მათ შორის, მარტვილის კანიონი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი და სხვა, სადაც შესვლა ფასიანია, ხოლო ვიზიტის ღირებულება 5 ლარიდან იწყება. საქართველოს რეზიდენტი პირები შესაბამისი ფასდაკლებით სარგებლობენ. დანარჩენ ტერიტორიაზე ვიზიტი უფასოა, თუმცა არსებობს ფასიანი სერვისები, როგორიცაა კოლხეთის ეროვნულ პარკში საწყალოსნო სერვისები, ალგეთის ეროვნულ პარკში თოკების პარკის ატრაქცია და სხვა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

რაც შეეხება ვიზიტორთა შემოსავლებიდან მიღებულ შემოსავლებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმით მიღებულ შემოსავალს ერთიანად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანგარიშობს და ცალკე დათვლილი არ არის.