მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვის მონაცემებით, საქართველო რუსული ფქვილის TOP-იმპორტიორი გახდა

61baffe5f391a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 14:31
1200
10 თვეში საქართველო, ბელარუსთან ერთად, რუსეთიდან ხორბლის ფქვილის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 10 თვეში რუსეთიდან 183.5 ათასი ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტი განხორცილდა, რაც საერთო ჯამში, შემცირებული მაჩვენებელია (2020 წელს - 221.4 ათასი ტონა, 2019 წელი - 251.5 ათასი ტონა). ოქტომბრის თვეში კი ფქვილის ექსპორტმა 30.1 ათასი ტონა შეადგინა.

აღნიშნული პერიოდში საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან ფქვილის იმპორტის საერთო მოცულობაში იმპორტიორ ქვეყნებს შორის 12%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ჯამურად 22 634 ტონა ფქვილი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გასამმაგებული მონაცემია, ხოლო 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფქვილის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. (2020 წელი - 12 267 ტონა; 2019 წელი - 8 640).

საქართველოს შემდეგ რუსეთიდან ფქვილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ბელარუსი, დე-ფაქტო აფხაზეთი, სომხეთი და ავღანეთი არიან.

ცნობისთვის: რუსეთში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ფქვილზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებს, რაც ქვეყნიდან ფქვილის ექსპორტის მოცულობას, მათ შორის საქართველოს მიმართულებით ზრდის. ამავე დროს რუსეთმა მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი დააწესა, რომელიც დღეისთვის 1 ტონა ხორბლის ექსპორტირებისას 91 დოლარამდე გაიზარდა. მზარდია ხორბლის საერთაშორისო ფასებიც. რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად საქართველოში 10 თვის განმავლობაში ხორბლის იმპროტი შემცირდა, ფქვილის კი - გაიზარდა.