მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წლის კანონში მთავრობამ ხვრელი “აღმოაჩინა” და 1,000 კომპანიისგან გადასახადს ითხოვს

60a55585b64c7
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.21 22:26
11032
ვირტუალური ზონის პირი - ასე ჰქვია იმ სტატუსს, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ.

ეს საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით - “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.”

გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაც შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს.

ვირტუალური ზონის პირების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მათ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული, საკითხის უფრო დეტალურად გაანალიზებით კი გაირკვა, რომ ქვეყანაში ამ სტატუსით რეგისტრირებული 1,025 კომპანიიდან ფაქტობრივად არცერთი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული ფირმები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსის მიღებას ურჩევდნენ, ამ კომპანიებს ატყუებდნენ, რადგანაც კანონში ნათქვამია, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიამ მომსახურება უშუალოდ საქართველოს ტერიროტიიდან უნდა გასწიოს. რომან ბუღაძის თქმით, არსებული რეალობა სრულიად განსხვავებულია და 1,025 კომპანიიდან ფინანსთა სამინისტრომ დაკავშირება მხოლოდ 50 კომპანიასთან შეძლო, დანარჩენ კომპანიებს კი ქვეყანაში საფოსტო ყუთიც კი არ გააჩნიათ.

"დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის 1,025 კომპანია. ეს ციფრი ისეთია, რომ თუ მარტო რაოდენობრივად შევხედავთ შეიძლება ჩავთვალოთ რომ პროექტმა გაამართლა. თუმცა, მათი შესწავლიდან გამოიკვეთა, რომ ამ ობიექტების ადმინისტრირების პრაქტიკა არ არსებობს, ანუ არცერთი ამ ობიექტიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებული არ არის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ითვლებოდა რომ ამ სფეროში არ იყო რისკები არ ხდებოდა ამ კომპანიების შემოწმება.

თუმცა საკითხის უკეთესად შესწავლით აღმოჩნდა, რომ ამ 1,025 კომპანიიდან კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ 50 კომპანიასთან. დანარჩენი კომპანიები ფაქტობრივად არ იძებნება და შემოსავლების სამსახურმა მათ საქართველოში ვერ მიაკვლია.

მეტთან ვერ გავდივართ კომუნიკაციაზე. მხოლოდ ამ 50 კომპანიის ინფორმირება მოხდა. დანარჩენი კომპანიებიდან მათი წარმომადგენელიც არაა ნამყოფი საქართველოში. მხოლოდ წერილი აქვთ გამოგზავნილი და ისე დარეგისტრირდნენ ამ სტატუსით.

ყველა ეს კომპანია სარგებლობდა კერძო აუდიტორული ფირმების მიერ შეთავაზებული განმარტებით. თუმცა, ჩვენმა კონსულტანტებმა და აუდიტორებმა მყარად გვითხრეს რომ საგადასახადო მიზნებისთვის ამ კანონის ჩანაწერის გამოყენებაც უნდა მოხდეს, სადაც მკაფიოდ წერია რომ საქართველოდან უნდა იყოს სერვისის მიწოდება. თუმცა, საკონსულტაციო ფირმები უცხოურ კომპანიებს ეუბნებოდნენ, რომ მთავარია აქ სტატუსი მიეღოთ, რისი მიღებაც მარტივია და მთავარია პროდუქტი გაყიდო ქვეყნის გარეთ ანუ ის რომ ინდოეთიდან საქართველოში პერსონალი ჩამოეყვანათ ამაზე ეუბნებოდნენ, რომ ეს საჭირო არ იყო,”- აცხადებს რომან ბუღაძე.

კითხვაზე რა შეიძლება მოხდეს თუკი ეს კომპანიები საქართველოდან გავლენ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მათი გასვლით ქვეყანა არაფერს დაკარგავს, რადგან ამ ფირმებს საქართველოში საფოსტო ყუთიც კი არ გააჩნდათ.

“[თუკი ეს კომპანიები გავლენ] რა ინვესტიცია უნდა დავკარგოთ, მათ საფოსტო ყუთიც კი არ აქვთ საქართველოში. ვიღაცამ არასწორი კონსულტაცია გაუწია მათ რომ შეუძლიათ იყვნენ და რეალურად საქმიანობდნენ ინდოეთში, საქართველოში აიღონ ეს იურიდიული სტატუსი და აქ მეტი შემხებლობა არ ჰქონდეთ.

რაც შეეხება იმ კომპანიებს (50 კომპანიას), რომლებიც ნამდვილად არიან აქ წარმოდგენილი, ისინი მიხვდნენ, რომ ნამდვილად მოტყუვდნენ კონსულტაციებით. ეს კომპანიები გვეუბნებიან, რომ აქ აიყვანენ პერსონალს, ბუღალტერს, დირექტორს და სხვებს. თუმცა - ბოდიში, მაგრამ ეს პროექტი იმისთვის არ შექმნილა რომ აქ დამლაგებელი ან ბუღალტერი აიყვანონ, ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ინტელექტუალური ხალხი დასაქმებულიყო,”- განაცხადა რომან ბუღაძემ.

BMG-ის კითხვაზე თუ რა განმარტებებით ან კრიტერიუმებით უნდა ისარგებლონ ამ კომპანიებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მეთოდოლოგიური გზამკვლევი ამ მხრივ ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ის 1 თვის ვადაში შეიქმნება. მან ასევე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური “ვირტუალური ზონის პირებთან” წინა წლების გადასახადების ამოღების პროცედურებსაც დაიწყებს და კომპანიებს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა უკვე “სასამართლოში მოუწევთ”.

“გითხარით, რომ 50 კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. მათგან 24-მა მაშინვე გაასწორა ეს ნაწილი და 2.5 მილიონამდე მათ სასწრაფო წესით დაადეკლარირეს. ამას გარდა ჩვენ ანალიტიკური სამსახურიდან მივიღეთ დავალება, რომ სასწრაფოდ გზამკვლევები გაკეთდეს. მივიღეთ დავალება, რომ ყველა სპეც რეჟიმზე გაკეთდეს ეს გზამკვლევი. დაახლოებით 1 თვე დასჭირდება ამ გზამკვლევის გაკეთებას. როდესაც არ სჯერა გადამხდელს რომ წესი არის ესეთი, შემდეგ ეს პროცესი გადაიზრდება საგადასახადო შემოწმებაში, რომელიც შედეგის სახით დადგება და შემდეგ ჩვენ უკვე არა ტელევიზიაში, არამედ სასამართლოში შევხდებით ამ გადამხდელებს,”- აცხადებს რომან ბუღაძე.

იურიდიული და აუდიტორული კომპანიების შეფასებით, მთავრობის მიერ “ვირტუალური ზონის პირებთან” მიმართებით საგადასახადო პრაქტიკის რადიკალური ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რის შედეგადაც არაერთმა ინვესტორმა ქვეყანა შეიძლება დატოვოს. აუდიტორული ფირმები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ აქამდე სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის ან კანონის თაობაზე არავითარი კომუნიკაცია არ გამართულა. იურისტების შეფასებით, სადავო საკითხი რომ სერვისის შექმნა უშუალოდ საქართველოდან უნდა მოხდეს წერია "საინფორმაციო ტექნოლოიების შესახებ" კანონში და არა საგადასახადო კოდექსში, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირებისთვის სახელმწიფომ არა "საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონი", არამედ საგადასახადო კოდექსი უნდა გამოიყენოს.