მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 კაცის კონტაქტი ყველამ ჩამოწეროს და დავიწყოთ ჩამორეკვა-ვერა ქობალია FDI-ის მოზიდვაზე

5eb6f41ea2553
თელარა გელანტია
10.05.20 19:50
3975
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩევლად მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, 2018 წლიდან ის Sandstorm-ის დირექტორია. Sandstorm იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ოქროს მოძიების პროცესში კაპიტალს ეძებენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან და ასევე, კერძო კომპანიებთან.

„ინვესტორებს ერთი ხმით, ერთი ისტორიით უნდა ვესაუბროთ“ - ამბობს BM.GE-ისთან ინტერვიუში ვერა ქობალია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ახალი ინვესტორების მოსაზიდად, პირველ რიგში, უკვე არსებული ინვესტორები უნდა გამოიყენოს, რადგან მიაჩნია, რომ „პირველი ელჩები“ სწორედ ისინი არიან.

- ვერა, ჩვენი ბოლო ინტერვიუდან 2 წელზე მეტი გავიდა. მაშინ გკითხეთ კომერციულ ატაშეებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2016 წლიდან არჩევს, მაგრამ დღემდე არ ვიცით, ვინ შეარჩიეს ან საერთოდ თუ დანიშნეს ვინმე. როგორ ფიქრობთ, covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, რამდენად დროულია ახლა ეს მოდელი?

- კარგი იქნებოდა, რომ კომერციული ატაშეები დღეს უკვე გვყავდეს, რადგან ისინი შეძლებდნენ შესაბამის ქვეყნებში რაღაც ნაბიჯების გადადგმას და კომპანიებთან, პოტენციურ ინვესტორებთან პირდაპირ ურთიერთობას, მაგარმ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა მეთოდები და გზები გამოვიყენოთ ინვესტიციების მოსაზიდად. როგორც ვთქვი, ჩვენი „პირველი ელჩები“ არიან უკვე არსებული ინვესტორები, რომელთაც ჰყავთ შვილობილი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში და მათი კონტაქტები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, მე, მაგალითად, დავჯდებოდი ადამიანების გარკვეულ დიდ ჯგუფთან ერთად და ვკითხავდი - სკოლით დაწყებული უნივერსიტეტით დამთავრებული, ვის სად გყავთ ნაცნობები, სად მუშაობენ, ვინ რომელი ქვეყნის მთავრობაშია... ყველას გვყავს დიდი წრე, ჩამოწერეთ თითომ 100 კაციანი სია და დავიწყოთ ჩამორეკვა... სხვა გზა არ არის...

- FDI-ის მოზიდვა კონტაქტებსა და კარგ ურთიერთობებზე, ნდობაზე გადის?

- რა თქმა უნდა... მე რაც მინახავს, პრეზიდენტებიდან და პრემიერებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი, საბოლოო ჯამში, არის ურთიერთობებზე, ინდივიდუალურ კონტაქტებსა და ნდობაზე დაფუძნებული. რატომ არის რომ ტრამპი და სხვა მსოფლიო ლიდერები ერთად დადიან გოლფის სათამაშოდ და ა.შ. ზოგი დასცინის მათ ამის გამო და აკრიტიკებენ, რამდენს ისვენებენო, მაგრამ ეს ქმნის იმ ურთიერთობებს, ნდობას, რაც შემდგომ უკვე გადაწყვეტილებებში გადადის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ინდივიდუალური კონტაქტები საჭირო არ იყოს, მაგრამ სხვანირად არ გამოდის.

- თან როცა სახელმწიფო ინსტიტუციები არც ისე მდგრადია...

- და კიდევ იცით, რაშია საქმე, ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის დიდი კულტურა გვაქვს; ლამაზად საუბარი შეგვიძლია და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის?!

- დღეს რომ FDI-ის მოზიდვის მისია გქონდეთ, რას იზამდა ვერა ქობალია? სად ჩამორეკავდა?

- მე ამ წლების განმავლობაში დასარეკი კონტაქტების დიდი სია დამიგროვდა უკვე...

- ამიტომაც თქვენს, ასევე, სხვა წარმატებული ქართველების რესურსს არ უნდა იყენებდეს მთავრობას ასეთ დროს?

- ჩემი ოცნებაა, რომ ადამიანები პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით არ განვასხვავოთ... ჩემი იდეოლოგია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მეც ისევე მტკივა გული იმაზე, რაც ხდება საქართველში, როგორც - სხვას; კანადას ან ამერიკას რომ შევხედოთ, როცა კრიზისული პერიოდი დგება, ყველაფერი გვერდზე იწევს და ყველა ერთად მუშაობს, რომ დაეხმარონ ქვეყანას. ჩვენ მანდ ჯერ არ ვართ...