14.თებერვალი .2020 18:40

100 მლნ ლარის ინვესტიციით დაწყებული წარმოება - სად იყიდება „მეამას“ ინოვაციური ყავა

views 11851
უკან

ყავის ქარხნის მშენებლობისთვის და მისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვისთვის 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოში პირველი კაფსულირებული ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა ლევან კასრაძემ განუცხადა.

როგორც ლევან კასრაძემ bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, „მეამას“ ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და საწარმოში ქართული წარმოების ყავა ინოვაციური მეთოდით მზადდება.

„მეამა მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქვილი ყავა, რომელიც გემოს სრულად შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

ჩვენ ყავის მოხმარების ახალი კულტურის დანერგვა გვსურს. სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი გავიარეთ. ყავის წარმოების პარალელურად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა გაყიდვის ინდივიდუალური მოდელი და შევქმენით ე.წ. დროფერი, რომელიც მობილური აპლიკაციით იმართება და QR კოდის გამოყენებით ხდება დროფერიდან კაფსულის შეძენა. რაც ნამდვილად სიახლეა ქართულ ინოვაციებში. ჩვენ გვინდა შევცვალოთ საქართველოში ყავის შეძენისა და მიღების კულტურა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით”, - ამბობს ლევან კასრაძე.

კითხვაზე რამდენი დასახელების ყავას აწარმოებს და სად შეიძლება „მეამას“ ყავის შეძენა კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ მათ გაყიდვებთან მიმართებაში განსაკუთრებული მიდგომა აქვთ და მათი ყავის შეძენა აპლიკაციის საშუალებით არის შესაძელებელი.

„ჩვენი კომპანიის პროდუქცია ორ ჯგუფად შეგვიძლია ამ ეტაპზე დავყოთ: კაფსულების მიმართულება და წმინდად დაფქვილი ყავა (ე.წ. აღმოსავლური ყავა, რომელიც ჯეზვეთი მზადდება). თვითონ კაფსულები ორი სახეობისაა: ევროპული ფორმატის ე.წ. ესპრესოს ყავის კაფსულა და ამერიკული ფორმატის კაფსულა. ამ ორივე კაფსულას აქვს კონკრეტული ყავის მანქანები, რომელიც ასევე ჩვენი ქსელის საშუალებით შეუძლია მომხმარებლებს შეიძინოს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი გაყიდვის არხები, ესაა უნივერსალური დროფერი, ასევე ჩვენი ბრენდირებული კუნძულები განთავსებულია "სითი მოლში" და "თბილისი მოლში", მომავალი კვირიდან ამოქმედდება ონლაინ მაღაზია და ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის შეძენა.

მარტში "სითი მოლში" გაიხსნება "მეამას" მაღაზია, რომელიც თავისი კონცეფციით და ვიზუალით განსხვავებული იქნება სხვა მაღაზიებისგან. რასაკვირველია შეკვეთის გაკეთება და პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის დახმარებით”, - განაცხადა ლევან კასრაძემ.

30 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული „მეამას“ ყავის ქარხანის შენობა ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით და ის 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა.