23.ნოემბერი .2019 20:15

10–ის ნაცვლად 36 ავტომანქანა გორის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის აუდიტის შედეგები

10–ის ნაცვლად 36 ავტომანქანა გორის მუნიციპალიტეტში – 2018 წლის აუდიტის შედეგები
views 959
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 10 ერთეული სამორიგეო ავტომანქანის ფლობა იყო რეკომენდირებული, თუმცა ამის მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობა 36 მანქანას განკარგავდა.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

"2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საბალანსო მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა 36 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება.

მათ შორის: ა(ა)იპ-ებზე თხოვების ფორმით გადაცემული იყო 3 ერთეული, შსს-ზე - 7 ერთეული, გუბერნიაზე - ერთი ერთეული, დეპუტატის ბიუროზე - 2 ერთეული, გორის ეპარქიაზე - ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მერია განკარგავდა 22 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანას, აქედან 4 ერთეული ამორტიზებული იყო.

აუდიტის პირველადი ანგარიშის გაგზავნის შემდგომ, მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა საკრებულოს 2019 წლის 10 მაისის №91 განკარგულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ზღვრულ ოდენობასთან დაკავშირებით. ამ განკარგულებით 2019 წლიდან მანქანების რაოდენობა შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობასთან", – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აქვე, უწყება გორის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და შეასრულოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ.