მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მაისიდან თურქეთში ყველა მსხვილი ავტოქარხანა მუშაობას განაახლებს

5eb264b654779
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 13:00
848
11 მაისიდან თურქეთში ყველა მსხვილი ავტოქარხანა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ეკონომიკის განახლების გეგმა წარადგინა. ინფორმაციას  dailysabah.com-ი ავრცელებს.

„საავტომობილო ქარხნების დიდმა ნაწილმა უკვე განაახლა წარმოება”, - განაცხადა თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ანკარის ვაჭრობის პალატასთან გამართულ ონლიან კონფერენციაზე.

მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა, ასევე, აღნიშნა, რომ ასევე მუშაობა განაახლა ტექსტილის მწარმოებელმა ზოგიერთმა კომპანიამ და უწყვეტი რეჟიმით მოამარაგებს სავაჭრო ცენტრებს და საექსპორტო არხებს. მისი განცხადებით, აღნიშნული სექტორი მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ანკარამ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც მარტის დასაწყისში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შეიზღუდა მოგზაურობა 31 დიდ ქალაქში. ასევე, დაიხურა სკოლები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები.

4 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ქვეყანაში კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილების გეგმა წარადგინა.

„11 მაისიდან მუშაობას განაახლებენ საპარიკმახეროები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები. 10 მაისს 65 წელს ზემოთ ასაკის პირები 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სასეირნოდ გასვლას შეძლებენ. 13 მაისს 14 წლამდე ასაკის ბავშვები 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სასეირნოდ გასვლას შეძლებენ. 15-დან 20 წლამდე ასაკის პირები კი, გარეთ გასვლას 15 მაისიდან შეძლებენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

6 მაისის მონაცემებით, თურქეთში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 129,491 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი; გარდაიცვალა 3,520 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 73,285 ინფიცირებული.