05.მაისი .2021 09:40

$11 მილიონის ინვესტიციით თბილისში Holiday Inn Express-ი სექტემბერში გაიხსნება

$11 მილიონის ინვესტიციით თბილისში Holiday Inn Express-ი სექტემბერში გაიხსნება
views 1360
უკან

სექტემბერში, თბილისში, ყაზახური ინვესტიციით, ახალი 3-ვარსკვლავიანი ეკონომ კლასის სასტუმრო „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბარი“ ამოქმედდება.

„ჰოლიდეი ინ ექსპრესს ავლაბარის“ გახსნის შესახებ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჯგუფის“ დირექტორმა და ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ სასტუმროს მშენებლობა ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმართავობამ და საქმის წარმოების გაჭიანურება შეაფერხა.

„2017 წელს სასტუმროს ასამოქმედებლად შევიძინეთ მიწა ავლაბარში. პროექტის განხორციელებაზე ინვესტორს 2 მლნ ლარი ჰქონდა დახარჯული, როდესაც სრულიად უსაფუძვლო მიზეზით მეზობელმა მერიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და დავის უზრუნველსაყოფად ჩვენი მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. მშენებლობა დიდი პერიოდით გააჩერეს. დავა 2 წლის შემდეგ დასრულდა, ეს ინვესტიცია განხორციელებულია და სექტემბრისთვის სასტუმროს ამოქმედებას გეგმავს”, - აღნიშნა ჯახუტაშვილმა.





BM.GE-მ სასტუმროს აშენებისა და ამოქმედების დეტალური ინფორმაციისთვის პროექტის განმახორციელებელს, „კაპიტოლ ჯგუფის“ წევრ - უძრავი ქონები განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ მიმართა, სადაც აცხადებენ რომ „ჰოლიდენ ინ ექსპრეს ავლაბარის“ პროექტში ინვესტორმა 11 მლნ დოლარი ჩადო. კომპანიაში აკონკრეტებენ, რომ სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს იგეგმება.

„Holiday Inn Express "სიმეტრიას" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია. საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ძველ თბილისში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ტერიტორიაზე განთავსდება.

სიმეტრიამ სასტუმროს გახსნა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად შეარჩია. Holiday Inn Express-ი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა მიუხედავად ამისა, სასტუმრო ტრენდული და დახვეწილი დიზაინის იქნება. ამავდროულად, იგი ფუნქციურად მაქსიმალურად დატვირთულ სივრცეებს გააერთიანებს: ფართო საკონფერენციო დარბაზი და შიდა გამწვანებული ეზო სასტუმროს ფუნქციურად აქტიურს გახდის.

Holiday Inn Express საერთაშორისო კომპანია ინტერკონტინენტალის ერთ-ერთი ბრენდია. მის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International-ი განახორციელებს“, - აცხადებენ „სიმეტრიაში“.

123-ნომრიანი სასტუმრო დაახლოებით 80 ადამიანს დაასაქმებს და მასში ნომრების გარდა 3 სხვადასხვა ზომის შეხვედრების ოთახი იქნება განთავსებული.