მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11,000 გადამხდელისთვის 1 მარტიდან განახლებული საგადასახადო პირობები ამოქმედდება - ცვლილება

62165267ad394
BM.GE
23.02.22 21:21
3627
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 11,000 გადასახადის გადამხდელისთვის მიმდინარე წლის პირველი მარტიდან განახლებული საგადასახადო პირობები ამოქმედდება, რაც დღგ-ის ჩათვლის უფლებას უკავშირდება.

ცვლილება შეეხება “არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის” მქონე პირებზე, რომელთაც 50,000 ლარზე უფრო მეტი საგადასახადო დავალიანება გააჩნიათ.

“შეიქმნა ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურების გაცემას.

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი გულისხმობს, რომ მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში:

• მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ;
• ან/და მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა.

ასევე, განხორციელებული ცვლილებით, თუ პირს აღარ დაუფიქსიდება საგადასახადო დავალიანება ზემოაღნიშნული ოდენობის ფარგლებში, მას ავტომატურად გამოერთვება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი და კვლავ, აღუდგება ჩვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების წესი.

აქვე განვმარტავთ, რომ დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებულ პირს და პირს, რომელსაც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება აქტივობა, სათანადოდ შესწავლის შედეგად, ისინი ავტომატურ რეჟიმში, ერთი წლის ვადით, გადაყვანილი იქნებიან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქვეყნის მასშტაბით გეგმავს შეხვედრებს, როგორც მეწარმე სუბიექტებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.