მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„₾1.30 ერთ ბენეფიციარზე, წლის განმავლობაში უცვლელი მენიუ“ - უფასო სასადილოების მონიტორინგის ანგარიში

62e8d79eb8598
თათია ჩაფიჩაძე
02.08.22 12:45
1267
სახალხო დამცველის აპარატმა უფასო სასადილოების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თბილისში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1.30 ლარია. ეს კი რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე ნაკლებია (მაგალითად, ბორჯომში - 2.47 ლარია, ქუთაისში - 2.50 ლარი, ახალციხეში - 2.05 ლარი, სამტრედიაში - 2.20 ლარი, თელავში -2.65).

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება. ბენეფიციარებს კი სავარაუდოდ საკვების გემოვნური თვისებების და კალორაჟის სიმცირის გამო სასადილოებიდან მხოლოდ პური გააქვთ.

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელა.

ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს პასუხობს, თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.

კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბითგასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები სტანდარტულად დადგენილი არ არის.

სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.

საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ბუღალტერი ადგენს და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.

საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა.

უფასო სასადილოები, როგორც წესი განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლოს, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს - 15 კმ-ის.

უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება.

მონიტორინგის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას აბრკოლებს.

პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხრიდან სერვისით მოსარგებლეთა სეგრერირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. არ მუშავდება ინფორმაცია სერვისის მომხმარებელი მოქალაქეების სპეციალურ კვებით მოთხოვნილებებზე (მათ შორის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა, ბავშვთა, ორსულთა, გერიატრიულ კვებით საჭიროებებზე).

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები.

მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.