მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 წლის განმავლობაში თბილისის და ბათუმის აეროპორტებში $220 მილიონზე მეტი დავაბანდეთ - ტავ ჰოლდინგი

605c77dc81e8b
ინგა მურუსიძე
25.03.21 15:39
941
დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტმა, სანი შენერმა განაცხადა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში „ტავ ჰოლდინგმა“ თბილისის და ბათუმის აეროპორტებში 220 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება პანდემიის პერიოდში. პანდემია ამ სფეროზე გლობალურად მნიშვნელოვანი ეფექტის მომხდენი იყო. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი 70%-ით დაეცა. ყველა ინვესტორი თავს იკავებდა კაპიტალდაბანდებისგან აეროპორტის ინფრასტრუქტურაში, თუმცა ჩვენ ეს ვაქციეთ შესაძლებლობად და გაფართოების პროექტი წარმატებულად დავასრულეთ. ეს მომავალში საქართველოს რწმენის დასტურია“, - განაცხადა სანი სენერმა და საქართველოში ოპერირების პერიოდში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ TAV-ი 2007 წელს წელიწადში 40 ათას მგზავრს ემსახურებოდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 600 ათასამდე გაიზარდა.

„ბათუმში ახლა 30 სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავს, მაშინ, როცა 2007 წელს 5 ან 7 დაფრინავდა მხოლოდ. ბოლო 14 წლის განმავლობაში 220 მლნ დოლარზე მეტი დავაბანდეთ თბილისის და ბათუმის აეროპორტებში და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველო გამხდარიყო ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბი.

ეს მშვენიერი ადგილი შავი ზღვის სანაპიროზე მდიდარი ისტორიის მქონეა და ბათუმის აეროპორტში ეს ინვესტიცია იმის დასტურია, რომ თურქეთ-საქართველოს შორის კომუნიკაცია მჭიდროა. ახალი ობიექტით ჩვენ გავაგრძელებთ ბათუმის წარმოჩენას მსოფლიოში და შესანიშნავ ატმოსფეროს და პირობებს შევუქმნით ჩვენს მგზავრებს“, - განაცხადა სანი სენერმა და საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.