მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით პრესკონფერენციას გამართავს

607fe9211fd4f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 13:02
1024
15-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.

დარგთაშორისი პლატფორმის წარმომადგენელი და რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

„დარგთაშორისი გაერთიანებული პლატფორმა, რომელიც, დაახლოებით, 15-მდე ბიზნესასოციაციას მოიცავს,  ქვეყანაში დღეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრემიერს მივმართავთ და შეხვედრას ვთხოვთ. ბიზნესი მთავრობას ეკონომიკის ამუშავების მცირე და საშუალო ბიზნესის ხედვას შესთავაზებს. მზად ვართ, კოვიდ-კრიზისზე თუ ეკონომიკურ კრიზისზე არსებულ საკითხებზე თანამშრომლური ურთიერთობა დავიწყოთ პრემიერთან“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგთან თანამშრომლობის ინიციატივით თავად პრემიერი გამოვიდა და ბიზნესი მის ინიციატივას ამ პრესკონფერენციით ეხმიანება.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესსექტორების ერთობლივი მიმართვა არ შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ სააღდგომო პერიოდში დაანონსებულ უქმე დღეებს, რადგან არანაირი წინაპირობა იმისა, რომ კერძო სექტორი ამ პერიოდში მუშაობას შეწყვეტს, არ არსებობს.

„წინასწარი ინფორმაცია, რომ რომელიმე სფერო უნდა დაიხუროს, ამაზე გაფრთხილება ან მითითება არ გვქონია. სახელმწიფო სტრუქტურებთან გვაქვს შეთანხმება, რომ ჩვენ ეს უქმეები არ შეგვეხება და ეს მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეხებათ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

დარგთაშორისი პრესკონფერენცია, ხვალ 11:30 საათზე პოლიტკოვსკაიას N3-ში გაიმართება და მიმართვას 15-მდე ასოციაცია უერთდება. მათ შორისაა: საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია; საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია; საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“; მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია; საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია.