მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 მილიონის ინვესტიცია ტყიბულში - "ოკრიბამ“ ჩაის წარმოება დაიწყო

5f2168d620118
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 17:00
1840
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სამტრედიაში 55 ჰა-ზე გაშენებული ჩაის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულით კომპანია „ოკრიბამ“ იქვე მდებარე ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ ქარქაშაძემ განუცხადა.

„ოკრიბას“ ერთ-ერთი მეწილის ინფორმაციით, ჩაის პლანტაციების გაშენება-რეაბილიტაციასა და საწარმოს მშენებლობაზე 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ჩვენ ტყიბულში ჩაის პლანტაციების გაშენებისა და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი 2018 წელს დავიწყეთ. პლანტაციების ნაწილი ახალი გაშენებულია, ასევე, ძველი პლანტაციები აღვადგინეთ და ჯამში, პლანტაციების საერთო მოცულობა 55 ჰა-ია. ამასთან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სამტრედიაში ავაშენეთ საწარმო, რომელიც ექსპლუატაციაში წელს გავიდა და დავიწყეთ წარმოება. დღეისთვის საწარმოსა და პლანტაციების მოწყობაზე, დაახლოებით, 1.5 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, საიდანაც 600 ათასი ლარი სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გრანტია“, - აღნიშნა „ოკრიბას“ წარმომადგენელმა.

ზურაბ ქარქაშაძის ინფორმაციით, სეზონურად ჩაის კრეფაზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო საწარმო, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი, 15 ადამიანს დაასაქმებს.

„ვინაიდან პირველი წელია, გაგვიჭირდება იმის თქმა, რა მოცულობის ჩაის წარმოება იქნება შესაძლებელი წელს, თუმცა ვგეგმავთ, რომ წლიურად 20 ტონა ჩაი ვაწარმოოთ, რაც ჩვენი პლანტაციებიდან 100 ტონა ნედლეულის გადამუშავებას გულისხმობს. საჭიროების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივებიდან ჩაის ნედლეულის ჩაბარებასაც“, - აღნიშნა ჩაის მწაროებელი კომპანიის წარმომადგენელმა.

სარეალიზაციო ბაზრებზე საუბრისას კი, ზურაბ ქარქაშაძე ამბობს, რომ ძირითადად მათი პროდუქტი საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შესვლასაც ფიქრობენ.

„ჩვენი წარმოების ჩაი ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე იყიდება. მოლაპარაკებები გვაქვს აშშ-სა და ჩინეთში პარტნიორ კომპანიებთან, სადაც მაღალი ხარისხის ჩაიზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველი პარტიის ექსპორტზე გატანა ოქტომბერში იგეგმება“, - განაცხადა ზურაბ ქარქაშაძემ.

კითხვას - რატომ აკეთებენ აქცენტს ექსპორტზე, კომპანიის წარმომადგენელი ასე პასუხობს: „ჩვენ მაღალი ხარისხის ჩაის ვაწარმოებთ, შესაბამისად, მაღალ სეგმენტზე ვართ გათვლილი. ამიტომ, ჯერჯერობით, ორიენტირი საექსპორტო ბაზრებზე იქნება მიმართული, თუმცა ეს არ გამორიცხავს ქართულ ბაზარზე შესვალასაც“.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 2-3 წელიწადში კომპანია „ოკრიბა“ პლანტაციების გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.