მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$15 მილიონის ინვესტიციით Hualing-ი თბილისის ზღვაზე სკოლას და ბაღს ააშენებს

61b8893093b5d
ელენე გოგბერაშვილი
15.12.21 09:00
1249
"ჰუალინგ ჯგუფი" თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" გვერდით სკოლისა და ბაგა ბაღის მშენებლობას გეგმავს. როგორც "ჰუალინგ ჯგუფში" BM.GE-ს განუცხადეს, დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლა და საბავშვო ბაღი 22 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება, რაშიც ინვესტორი კომპანია 15 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

ამ ეტაპზე შენობის დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამის განაცხადს მშენებლობის ნებართვის მისაღებად ჰუალინგი თბილისის მერიას 2022 წლის დასაწყისში წარუდგენს.

"სკოლის გარშემო დაგეგმილია ასევე მიწისქვეშა პარკინგით აღჭურვილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 30 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდება", - აცხადებენ "ჰუალინგში".

კერძო კორპორაციის საქართველოში მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე ვილების მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში $45 მილიონიანი სასტუმროს პროექტი. 

აღსანიშნავია, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები განახორციელა, როგორიცაა თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, თბილისის ზღვის პლაზა, ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი, სასტუმრო ფანდი, "ჰუალინგის" სასტუმრო ქუთაისში და ინვესტიციები ხე - ტყის მიმართულებით. 

კორპორაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.