მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-წლიანი სავალუტო იპოთეკების გაცემა 1 იანვრიდან აიკრძალება - რა იცვლება?

61c066d411862
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.21 15:26
1402
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 8 დეკემბერს მიიღო. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, ცვლილება 2022 წლის იანვრიდან ანუ 10 დღეში შევა ძალაში. 

იცვლება ლარის იპოთეკების მაქსიმალური ვადიანობაც და ის 20 წლით განისაზღვრება. ასევე ცვლილებები შედის დოლარით და ევროთი გაცემული იპოთეკური სესხების რეფინანსირების წესებშიც. 

"ლარით გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში ან/და თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – არაუმეტეს 20 (ოცი) წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 (ათი) წელი;“;

2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის რეფინანსირებისას, თუ სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 15 (თხუთმეტი) წელი, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ დებულების მოთხოვნები,"- ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში. 

რამდენი მოქალაქე იღებდა 10 წელზე მეტი ვადის სავალუტო იპოთეკებს:

2021 წლის 10 თვეში 10 წელზე მეტი ვადიანობის სულ 18,359 იპოთეკური სესხი გაიცა. აქედან 14,217 ლარის იპოთეკები იყო, 4,142 კი - დოლარის და ევროს იპოთეკური კრედიტები. შესაბამისად, რაოდენობრივად ლარის იპოთეკები 10 წელზე ხანგრძლივ სეგმენტში სავალუტო იპოთეკებს რამდენჯერმე აჭარბებს.

რაც შეეხება ღირებულებას, ამ სესხების მთლიანი ღირებულება 2.22 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის დოლარის და ევროს კრედიტების მოცულობა 1.18 მილიარდი, ლარის იპოთეკების მოცულობა კი 1.05 მილიარდი ლარი იყო.

ასეთი გადანაწილება გამოწვეულია იმით, რომ ლარის იპოთეკური სესხის მოცულობა რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე დოლარსა და ევროში აღებული სესხების მოცულობა. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 10 წელზე ხანგრძლივი ლარის იპოთეკის საშუალო მოცულობაა 77,155 ლარი, დოლარის და ევროს იპოთეკის მოცულობა კი 275,446 ლარია. ასეთი სხვაობა მათ შორის გამოწვეულია იმითაც, რომ 200,000 ლარზე დაბალი სესხების აღება ქვეყანაში მხოლოდ ლარშია შესაძლებელი.