მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta Airlines-ი Boeing-ისგან 100 ერთეულ თვითმფრინავს ყიდულობს - ბირჟაზე აქციები იზრდება

62d55bea0e325
გიორგი თოლორდავა
18.07.22 17:21
897
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ავიახაზები - Delta Airlines კომპანია Boeing-ისგან 100 ერთეულ 737 Max-ს ყიდულობს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად Delta-სათვის აშენებული თვითმფრინავების მიწოდება 2025 წლიდან დაიწყება და ეტაპობრივი მიწოდების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. საგულისხმოა, რომ კონტრაქტი დამატებით 30 ერთეული 737 Max-ის შეკვეთის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

ფლოტის განახლების მთავარი მიზანი საოპერაციო ხარჯების შემცირება და მომსახურების ხარისხის ზრდაა. მოგეხსენებათ, ახალი თვითმფრინავები შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, 20-30%-იანი ენერგოეფექტურობა კი ახალი თვითმფრინავის შეკვეთის ხარჯებს ამართლებს. გარდა ამისა, 737 Max კომფორტით, უსაფრთხოებითა და თანამედროვე სანავიგაციო სისტემებითაც გამოირჩევა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის Delta-ს კონკურენტუნარიანობას სხვა კომპანიებთან მიმართებით.

ასივე ერთეული "ბოინგი" 182-ადგილიანი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი, აქედან 129 ადგილი ეკონომ კლასზე მოდის, 33 კომფორტზე, ხოლო 20 ადგილი პირველი კლასის ბილეთების მქონე მგზავრთათვის იქნება დაჯავშნული.

კომპანია Delta ჯორჯიის შტატში 1925 წელს დაარსდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 19.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Boeing-ს, ავიამშენებლობის სექტორის უდავო ლიდერი ვაშინგტონში 1916 წელს დაარსდა, ის მსოფლიოს მასშტაბით 142,000 თანამშრომელს ასაქმებს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ბუნებრივია, კონტრაქტის გაფორმების შესახებ სიახლე ინვესტორებმა დადებითად მიიღეს - საფონდო ბირჟის გახსნამდე Boeing-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა; Delta-ს აქციების ფასმა კი 2.7%-ით მოიმატა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.