მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1,6-მილიონიანი გრანტი გორს EU-სგან - რა გაკეთდა და რა უნდა მოესწროს წლის ბოლომდე?

62ff37b564179
ნინო ჩიბჩიური
19.08.22 22:35
1417
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 1 800 000-ლარიანი პროექტის დასრულებას გორის მერია წლის ბოლოსთვის აანონსებს. პროგრამის ფარგლებში აქტივობების განხორციელება 2018-2020 წლებში იყო გათვალისწინებული თუმცა, როგორც აღმოჩნდა პროცესების მიმდინარეობას ხელი პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეუშალა და ძირითადი ღონისძიებების ჩანაცვლება აუცილებელი გახდა.

პროექტის მიზანი უცვლელი რჩება - საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტი და რა გაკეთდა მის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში. ირკვევა, რომ დარჩენილია მხოლოდ ისტორიული ე.წ. ძველი ხიდის რეაბილიტაცია, რომლის დასრულებაც დეკემბერში იგეგმება.

როგორც გორის მერიის ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ხმალაძე ამბობს, პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი საქმიანობებიდან, ამ დროისთვის, დასრულებულია: ლომჭაბუკის მონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაცია; ლომჭაბუკის სკვერში არსებული შენობის (საგამოფენო სივრცე) რეაბილიტაცია; ავტო-პარკინგის მოწყობა; გორისციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობა; რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია; ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოების (ტრადიციული რეწვისა და კულინარიის სივრცეები) მოწყობა; სუვენირების სარეალიზაციო სივრცისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა გორისციხის მიმდებარედ; ახალი შენობა „ლომჭაბუკის“ სკვერის მიმდებარედ, რომელიც მოიცავს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, საკონფერენციო/სამუშაო სივრცეს, ბარგის შესანახ საკნებსა და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; ველო-ბილიკებისა და ველო-პარკინგის მოწყობა; გორისციხესთან მისასვლელი ძირითადი ბილიკის რეაბილიტაცია.



გარდა ამ ინფრასტრუქტურული სივრცეებისა, დაგეგმილი იყო საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით, მაგრამ პანდემიის გამო, ევროკავშირთან შეთანხმებით, საქმიანობის გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად პროექტი არ ითვალისწინებდა არც გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას და არც „ძველი ხიდის“ აღდგენას, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, ევროკავშირი თანახმაა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გაწერილი თანხა (70 000 ევრო) მთლიანად დარჩენილი საქმიანობებისთვის გამოიყენონ. ამ დროისთვის დარჩენილია „ძველი ხიდის“ რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც, გორის მერია მერია შედეგების პრეზენტაციას გეგმავს.

გორთან ერთად 2018 წელს ევროკავშირის მხარდაჭერა თბილისმა და ბოლნისმაც მიიღო, რისთვისაც სამივე ქალაქისთვის ჯამში 2.1 მილიონი ევრო გამოიყო. ევროკავშირის ფინანსური დახმარების ფარგლებში პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილე მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 240 გეგმა მოამზადეს, საიდანაც გეგმების განხორციელების პროცესების ხელშეწყობისთვის 8.4 მილიონი ევროს ღირებულების 16 საგრანტო პროექტი დაფინანსდა. აქედან 3 საქართველოში.