მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 ოქტომბრიდან მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან შესაძლოა, ხელშეკრულება შეწყვიტოს

5da581100b8a2
დავით ჯალაღონია
15.10.19 12:20
1260
ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, კონსორციუმთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება მოშალოს. 

როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, დღის ბოლომდე კონსორციუმმა ორი ვალდებულება უნდა შეასრულოს.  

"მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც თქვენთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე "ანაკლიის განვითარების კონსოცრიუმს" მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფასის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში, ასევე წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან 400 მლნ აშშ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები. 

ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები. კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა ორი ვალდებულება უნდა შეასრულოს - კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. 

მეორე ვალდებულებაა, რომ წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი შეთანხმებები, 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე, იმ პირობებით, რომელიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის. 

ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. 

ვინაიდან კონსორციუმის მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა იწურება 15 ოქტომბერს, ვალდებული ვართ დღის ბოლომდე დაველოდოთ კონსორციუმს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.