მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 ნოემბრიდან რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს 77.1 დოლარამდე ზრდის

618f6c4b5047d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 11:49
1818
რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი 17 ნოემბრიდან 69.9-დან 77.1 დოლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ქერის ექსპორტზე მოქმედი მცურავი ბაჟი 1 ტონაზე 54.8-დან 66 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 50.1 დოლარიდან 62.9 დოლარამდე გაიზრდება. ახალი საესპორტო გადასახადი კი 23 ნოემბრამდე იმოქმედებს.

აღსანიშნია, რომ მარცვლეულზე დაწესებული საექსპორტო გადასახადი არსებული ფასების საფუძველზე დგინდება. ამ შემთხვევაში რუსეთში 1 ტონა ხორბლის ღირებულება 310.2 დოლარამდე (1 კვირით ადრე ხორბლის ფასი 299.9 დოლარი იყო), ქერზე - 279.3 დოლარამდე (263,6 დოლარი), სიმინდზე კი 274.9 დოლარამდეა გაზდილი (256.6 დოლარი).

ცნობისთვის: რუსეთი ფედერაციამ მარცვლეულ კულტურებზე მცურავი ბაჟის მექანიზმი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა. ექსპორტის გადასახადი ყოველკვირეულად საფასო მაჩვენებლების საფუძველზე ითვლება, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე საექსპორტო კონტრაქტების ღირებულებით განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის სეზონის მიხედვით, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, რუსეთიდან 49 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 38.4 მლნ ტონა ხორბალი იყო. მიმდინარე სეზონის მოთხოვნა კი 45-48 მლნ ტონაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად კი ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა. ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამ პროდუქტთან მიმართებით რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.