მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-23 აპრილი: TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6265b12216374
ირაკლი მაკალათია
24.04.22 23:00
1533
გთავაზობთ გასული კვირის (18-23 აპრილი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. IMF-ის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე
2. როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვაჭრობა რუსეთთან და უკრაინასთან
3. საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკა 2022 წლის I კვარტალში
4. NDI-ს კვლევის შედეგების ეკონომიკური ნაწილი
5. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგები 2022 წლის I კვარტალში
6. სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის შედეგები
7. 2022 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
8. APM Terminals-ის მოთხოვნები მთავრობას საზღვაო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე
9. მთავრობა პოლიციელებისთვის 1000-ბინიან ქალაქს აშენებს
10. რამდენ ადამიანს აქვს 100 000 ლარზე მაღალი შემოსავალი საქართველოში


1. IMF-ის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშის მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს შეადგენს, მშპ ერთ მოსახლეზე 5 618 დოლარამდე გაიზრდება, თუმცა 191 ქვეყანას შორის 105-ე ადგილზე იქნება. ასევე IMF მიმდინარე წელს საქართველოში საშუალოდ 9.85%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.
ომის პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით უკრაინის ეკონომიკა 35%-ით, ხოლო რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით შემცირდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38iOtIP ; https://bit.ly/3MvWglH ; https://bit.ly/3LdbRGf ; https://bit.ly/37FqRhM 


2. როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვაჭრობა რუსეთთან და უკრაინასთან
2022 წლის იანვარ-მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 35.8%-ით გაიზარდა და 2 695.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს საგარეო ვაჭრობას რუსეთთან და უკრაინასთან, ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი გაზარდა, სადაც მთავარი პროდუქტები ენერგომატარებლებია. 2022 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ფქვილის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა. საქართველოდან ექსპორტის ზრდის პარალელურად, უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 93%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთში გაზრდილ ექსპორტში მთავარი სასაქონლო პროდუქტებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3v6zzyu ; https://bit.ly/3v8RlAZ ; https://bit.ly/36MbDHq ; https://bit.ly/3xMAoyf 


3. საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკა 2022 წლის I კვარტალში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174 466 980 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 71.3%-ია. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მარტში ტურიზმის შემოსავლების 20% რუსეთზე მოდიოდა, ხოლო ამ ხარჯებში ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების დანახარჯებიც შედის.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xU9O6t ; https://bit.ly/3Khn9IA 

4. NDI-ს კვლევის შედეგების ეკონომიკური ნაწილი
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ეკონომიკური ნაწილი შემდეგია: გამოკითხულთა 80% მომდევნო ერთ წელში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება და ფიქრობს, რომ საქართველოში პრო-რუსული ძალები გააქტიურდებიან. გამოკითხულთა 83% მხარს უჭერს EU-ს წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს, ხოლო გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხულთა 49%-სთვის მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xKVH3f ; https://bit.ly/3vbJByw ; https://bit.ly/37yI2Sd; 

5. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგები 2022 წლის I კვარტალში
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში 82 სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდა, საიდანაც ბიუჯეტში 44 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 30 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. პრივატიზებული ობიექტებიდან სამი ყველაზე მსხვილი ქონება, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში გადავიდა, ესენია: მიხაილოვის საავადმყოფო, რიყის დოქები და ნავთლუღის ქუჩაზე არსებული ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3v7DgUu ; https://bit.ly/3OAmtRS 


6. სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამის შედეგები
1 მარტს ამოქმედებული სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში 22 000-მდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული, რომელიც წლის ბოლომდე 50 000-მდე გაიზრდება. სახელმწიფო სექტორში ამჟამად 4 601 ადამიანია დასაქმებული, სადაც სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 300 ლარია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველებს შეუძლიათ დასაქმდნენ: ,,მეეზოვის, დარაჯის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, კურიერის, საოფისე სამუშაოებზე დამხმარე პერსონალისა და დასუფთავების სპეციალისტის პოზიციებზე.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LbRDNj ;https://bit.ly/3Ox0QBT 


7. 2022 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ბიუჯეტში 3.68 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზება შეძლო, რაც გეგმის 100.3%-ია. ბიუჯეტში ყველაზე მეტი საგადასახადო შემოსავალი დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა (1.3 მილიარდი ლარი). აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 320 მილიონი ლარი შევიდა, სადაც საწვავის აქციზის წილი 40,7%-ია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3K9N4BP ; https://bit.ly/3vIs3sR 


8.APM Terminals-ის მოთხოვნები მთავრობას საზღვაო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე
ფოთის პორტის მთავარი ოპერატორის APM Terminals-სა და ქართულ სატრანსპორტო ჯგუფ Pace-ს შორის, რომელიც პორტის ტერიტორიაზე ოპერირებს, უთანხმოების დასარეგულირებლად პარლამენტი საზღვაო კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რასაც აპროტესტებს APM Terminals. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში APM ვეღარ შეძლებს პორტში შემომავალი გემებისგან შესაბამისი საკომისიოს აკრეფას, თუმცა პორტის შენახვაზე ვალდებულება კვლავ დარჩებათ, რაც კომპანიის ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს, ამიტომაც APM Terminals-ი კანონპროექტის გახმობას ითხოვს, ხოლო მისი მიღების შემთხვევაში არც არბიტრაჟისთვის მიმართვას გამორიცხავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LnTgr2 ; https://bit.ly/3rM6DtI ; https://bit.ly/3xQwN26 


9. მთავრობა პოლიციელებისთვის 1000-ბინიან ქალაქს აშენებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 1 000 ბინიანი "პოლიციის ქალაქი" აშენდება. პოლიციელები კი ბინის შეძენას კვადრატულ მეტრზე 100 დოლარად შეძლებენ. აღნიშნულ პროექტს მთავრობა "განვადებით მშენებლობის" პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vDBcmq ; https://bit.ly/3Lnmmqw ;

10. რამდენ ადამიანს აქვს 100 000 ლარზე მაღალი შემოსავალი საქართველოში
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით მარტში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 464 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარზე მეტი ხელფასი მხოლოდ 735 დასაქმებულს აქვს, ხოლო 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 72 389 დასაქმებულს. ყველაზე მეტს კი, 274 131 პირს, ხელფასი 1200 – 2400 ლარის ფარგლებში აქვს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36G7lBb