მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18%-26% - კონკურენციის სააგენტო საქართველოში მედიკამენტების ფასნამატს აქვეყნებს

61dc452698dd9
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 19:55
1262
18%-დან 26%-მდე - კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, სწორედ ამ საშუალო ფასნამატით იყიდება საქართველოს ძირითად სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტები. საშუალო ფასნამატი ასახავს ამ ქსელების მიერ მთლიანად რეალიზებული ყველა მედიკამენტის ღირებულებას და მასზე დადებულ მარჟას და არა უშუალოდ კონკრეტული დასახელების წამლის მარჟას, თუმცა სააფთიაქო სისტემის მასშტაბით ძირითადი ფასნამატი საშუალოდ 18%-26%-ის ფარგლებში მერყეობს.

კონკურენციის სააგენტო პარლამენტის დავალებით, ფარმაცევტულ ბაზარს რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, ორგანიზაციამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დღეს გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ მსხვილ ქსელებში მარჟა ძირითადად 18%-26%-ის ფარგლებშია, არსებობს შემთხვევები, როდესაც მედიკამენტები 300%; 400% და 1000%-ის ფასნამატითაც იყიდება, რაც ბაზარზე მოქმედი შედარებით მცირე იმპორტიორების საქმიანობას უკავშირდება.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტების მეშვეობით, არაერთ მსგავს კომპანიას აქვს შეთანხმებები, რათა რეცეპტებში უშუალოდ მათი წამლები მიუთითონ ექიმებმა. სწორედ ამის პრევენციისთვის კონკურენციის სააგენტო მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში დაინერგოს წამლის გენერიკული რეცეპტის სისტემა, რათა ექიმებს მხოლოდ და მხოლოდ წამლის გენერიკული ვერსიის დანიშვნა შეეძლოთ.

“თუ დღეს მედიკამენტის დანიშვნის დროს, ხდება კონკრეტული ბრენდული დასახელების მითითება, ამის ნაცვლად მნიშვნელოვანია არსებობდეს რეცეპტის ელექტრონული სისტემა, სადაც დავინახავთ თუ რა მიმართულებით რა მედიკამენტების გამოწერა ხდება. ამასთან, რეცეპტი უნდა იყოს გენერიკული ანუ ერთი კონკრეტული დასახელების ანუ უშუალოდ წამლის სავაჭრო ნიშნის გარდა უნდა იყოს მითითებული რამდენიმე ჯენერიკის სახელი აქტიური ნივთიერებების დონეზე.

მაგალითად, თუკი რეცეპტში იწერება ცეპტრეაქსონი, რაც არაერთი სახელით იყიდება, დღეს მათ შორის არის შვეიცარიული და ეგვიპტური წარმოების 28 ლარის ღირებულების წამალი, ასევე არის ბრიტანული, იტალიური, კვიპროსული და ფრანგული, რომელიც ღირს 8 ლარიდან 14 ლარამდე. თუ ჩვენ მოქალაქეს მივცემთ არჩევანს, რომ ამ ჩამონათვალიდან მიიღოს მისი არჩევანით გადაწყვეტილება, ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დანახარჯების შემცირებას.

ბაზარზე არის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, არიან არაერთი მცირე იმპორტიორები, რომელთა მარჟებიც არის 200%; 300% და მათ შორის 1000%-იც კი, რომელთაც აქვთ გარანტირებული მოთხოვნა კონკრეტულ მედიკამენტებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სუბიექტები შესაძლოა გარკვეული გარიგებების საფასურად მოქალაქეებს უნიშნავენ იმ მედიკამენტებს, სადაც მათ გააჩნიათ კონკრეტული ინტერესი,” - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია:

“რიგ შემთხვევებში, მცირე კომპანიების მხრიდან ფიქსირდება მაღალი ფასნმატი, რაც შეიძლება აღწევდეს 1000%-ს და მეტს. საააგენტოს პოზიციით, მოთხოვნა ამგვარ მედიკამენტებზე განპიროებებულია ბაზარზე არსებული ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ურთიერთობებით. საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების საშუალო შეწონილი საერთო ფასნამატი მედიკამენტებზე 18-26%-ის ფარგლებშია.

ფასნამატის გამოთვლის დროს მხედველობაში მიიღება კომპანიების მიერ მედიკამენტების რელიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი ფასდაკლებების გათვალისწინებით და მედიკამენტების იმპორტის დონეზე ფიქსირებული თვითღირებულება,”- ნათქვამია დოკუმენტში.